პაველ ჰერჩინსკი - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს, მიხარია, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის აუცილებელ რეფორმას
პაველ ჰერჩინსკი - უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს, მიხარია, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის აუცილებელ რეფორმას

ძალიან მიხარია, რომ, როგორც ევროკავშირი, მხარს ვუჭერთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, საქართველოსთვის აუცილებელ რეფორმას, უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო ზედამხედველობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც ყველას თანამშრომლობას მოითხოვს.

„ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა კანდიდატის სტატუსთან ერთად. უსაფრთხოების სექტორის რეფორმა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ყველას თანამშრომლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების ძალების საპარლამენტო ზედამხედველობას, სასამართლო ზედამხედველობას. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ბედნიერი ვარ, რომ, როგორც ევროკავშირი, ვეხმარებით კვლევების დაფინანსებაში, ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალიან მნიშვნელოვან სფეროში, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო თანდათან დააკმაყოფილებს ყველა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და CRRC-Georgia-მ დღეს პრეზენტაცია გამართა, რომლის სახელწოდებაა „უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი: გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“. პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.