პაველ ჰერჩინსკი - უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს
ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს გაფართოება შეიძლება, ძალიან სწარაფად მოხდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს 17-18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ განიხილავს.
„ევროპული საბჭო გახლავთ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო. ივნისში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის გულდასაწყვეტია. ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს 17-18 ოქტომბერს, ანუ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ. ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. სწორედ ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიენიჭებინა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კონკრეტული პირობებით. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ძალიან მწყდება გული, რომ საჭირო რეფორმების ინიცირების ნაცვლად, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და მივედით იმ წერტილთან, როდესაც ევროპული საბჭო იძულებული გახდა, შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ გელოდებით, გულწრფელად გვჯერა, რომ თქვენ მიხვალთ არჩევნებზე და ხმას მისცემთ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს 26 ოქტომბერს, ისინი ძალიან სწრაფად განაახლებენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, რათა ევროკავშირის მორიგი დიდი გაფართოების მატარებელმა არ გაგვასწროს, ეს გაფართოება შეიძლება, ძალიან სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.