პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება, უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს
პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება, უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს

უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. მიმდინარე ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ღირებულებებისა და პრინციპების უპრეცედენტო დარღვევაა. უკრაინას თავს დაესხნენ, რადგან მას სურდა საკუთარი მომავალი თვითონ და არა მოსკოვის მითითებით განესაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელჩის თქმით, გაერო-ს წესდების შესაბამისად, უკრაინას, როგორც აგრესიის მსხვერპლს, აქვს თავდაცვის ხელშეუვალი უფლება.

„ევროკავშირი კვლავ უდრეკად, ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა – ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო – ფრონტზე. ეს აგრესია არა მარტო სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, რადგან სასწორზეა მათი დამოუკიდებლობა და უფლებამოსილება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე.

ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ჩვენი ერთობა თანამოაზრე პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს. საქართველო ამ ძალისხმევაში აქტიურად მონაწილეობს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ექვსი რეზოლუცია რუსეთის საერთაშორისო დაგმობას და იზოლაციას ადასტურებს.

უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ ყურადღებას არ შეამცირებს. პირიქით, უკრაინაში რუსეთის ომზე ცალსახა და მტკიცე პასუხი უნდა შენარჩუნდეს, რომ აგრესორმა პასუხი აგოს.

საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. ევროკავშირმა საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს. ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე და მიმართულია რეფორმებზე.

ამავდროულად, რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას, რათა გაიმეორონ კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა, ხელი შეუშალონ ინტეგრაციას, განხეთქილება შეიტანონ და სოლიდარობა შეამცირონ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა და ამ მავნე ქმედებების დასაძლევად მჭიდროდ ვითანამშრომლოთ.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“ – აღნიშნავს პაველ ჰერჩინსკი.