პაველ ჰერჩინსკი - სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც აგებულია ევროკავშირი
სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება ის მთავარი პრინციპებია, რომლებზეც აგებულია ევროკავშირი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არასრულწლოვანთა დაცვისა და სიძულვილის ენის რეგულირება „აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივის“ არსებითი ელემენტია, რომელსაც საქართველო უნდა შეესაბამებოდეს.
„ჩვენ გვაქვს ე.წ. აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც ადგენს სტანდარტებს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ამ სტანდარტებს და ასევე მოეთხოვება ეს საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია, აბსოლუტურად არსებითი, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. პარლამენტში მიღებული კანონპროექტი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან, არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც შეტანილია კანონპროექტში, მათ შორის, უხამსობის შესახებ. ჩვენი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ამის განხორციელება და აქ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.