პაველ ჰერჩინსკი - როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს
პაველ ჰერჩინსკი - როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს

ეს ხუთი კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი, დავრწმუნდეთ და უზრუნველვყოთ, რომ თითოეული წევრი ქვეყანა 15 დეკემბერს თანხმობას განაცხადებს და დაეთანხმება ამ დადებით რეკომენდაციას, ცხრა ნაბიჯი გვაქვს, როგორც მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება გზამკვლევის სახით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში.

„მეორე მხარეს გვყავს ევროკავშირი, 27 წევრი ქვეყნით, რომლებმაც უნდა დაიწყონ მოსამზადებელი ეტაპი იმისთვის, რომ მიიღონ რამდენიმე, შესაძლოა, 10 წევრი ქვეყანა, რა დრო იქნება საჭირო ამისთვის, ამას ვნახავთ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ორივე მხრიდან წინსვლას დავიწყებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ აღვნიშნოთ კანდიდატის სტატუსის მიღება, არამედ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელნი არის ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღება ხდება მაღალ დონეზე, პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების დონეზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც დეკემბერში მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ დადებითი რეკომენდაციები იქნას განხორციელებული, რომელიც გაცემულ იქნა ევროკომისიის მიერ. შესაბამისად, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რა პროგრესი იქნება თვალსაჩინო საქართველოს შემთხვევაში. პოლიტიკური ძალები საქართველოში უნდა გაერთიანდნენ, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, როდესაც ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ერთხმად უნდა ისაუბრონ. ინკლუზიურობა არსებობს და ასევე თანამშრომლობა, ორივე უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირი ნამდვილად ღიაა.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი ნამდვილად ღიაა. ევროკავშირის კარი არის ღია, ჩვენ გელოდებით. მე ახლახან დავბრუნდი ბრიუსელიდან, ორი დღე გავატარე ბრიუსელში, ვესაუბრე ჩემს ზემდგომ პირებს და ისინი მოუთმენლად გელიან თქვენ ევროკავშირში, მაგრამ ეს მოითხოვს საქართველოს მხრიდან მზაობას, რომ სარგებელი მიიღოთ ევროკავშირის წევრობისგან და იმისთვის, რომ ევროკავშირი გააძლიეროთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა დავსახეთ ცხრა ნაბიჯი. რამდენიმე მათგანი თქვენთვის ნაცნობია, რადგან 12 რეკომენდაციაშია შესული და რამდენიმე რეკომენდაცია ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. რამდენიმე ნაბიჯი ახალია, ერთ-ერთი შეეხება თავისუფალ და სამართლიან, ისევე როგორც გამჭვირვალე გარემოში გამართულ არჩევნებს, ასევე დემოკრატიას. ჩვენ არა მხოლოდ არჩევნების დღეს დავაკვირდებით, არამედ წინასაარჩევნო პერიოდსაც, და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ნამდვილად ყველა მიიღებს არჩევნებში და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ველოდებით იმას, რომ ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირდება. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში სხვადასხვა ხედვა არსებობს, მაგრამ ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.