პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან
ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის, მე დამავალეს, გადავცე საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრი ქვეყნის მიერ ბრიუსელში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა ლევან დავითაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს გადასცა ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე.
„შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, ჰერჩინსკის განცხადებით, რთული სათქმელია, იმოქმედებს თუ არა დღევანდელი დემარში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე.
„ძალიან რთული სათქმელია, ცხადია, ეს განვითარება პოზიტიური არ არის. თუმცა, ეს 27 ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.