პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მთავრობის ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს და გადავწყვიტეთ, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები მოქმედ მთავრობასთან
საქართველოს მთავრობის ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივუდგეთ ანტიდასავლურ პროპაგანდას, კონსპირაციულ თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის ჟურნალისტმა ჰკითხა, ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი კობახიძეს ხომ არ ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან.
„მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმის შესახებ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივუდგეთ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივებს, პროპაგანდას, კონსპირაციულ თეორიებს და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, აღარ გვქონდეს უმაღლესი დონის კონტაქტები საქართველოს მოქმედ მთავრობასთან. სწორედ ამიტომაა, რომ ბოლო თვეებში არ გამართულა უმაღლესი დონის ვიზიტები, ვგულისხმობ ჩემი ხელმძღვანელების ევროკავშირიდან ვიზიტებს საქართველოში. ასევე არ ყოფილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტები ბრიუსელში. ვიმეორებ, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეჩერებინა ყველა უმაღლესი დონის შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
კიდევ ერთ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ სანქციები დაწესდეს საქართველოს მთავრობის წევრების მიმართ, ჰერჩინსკიმ აღნიშნა:
„ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ თანამოაზრეები, პარტნიორები ვართ, ვუზიარებთ ერთმანეთს ინფორმაციას და კოორდინაცია გვაქვს, მაგრამ, ცხადია, ჩვენი პოზიცია არ არის იდენტური. ეს საკმაოდ ბუნებრივია. ევროკავშირის შემთხვევაში, სანქციების დაწესება მოითხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას. ეს ნიშნავს, რომ 27-ვე წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს. ამჟამად არსებობს სანქციების სამომავლოდ დაწესების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებთან დაკავშირებით საქმე რეალურად არასწორად წავა. ასე რომ, სანქციები არის ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც განვიხილავთ, თუმცა ამ მომენტისთვის საქართველოს წარმომადგენლების მიმართ არანაირი სანქციების დაწესება არ განიხილება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მედიის წარმომადგენლებმა პაველ ჰერჩინსკის ასევე ჰკითხეს, ხომ არ ითხოვდა ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს და ხომ არ ჰქონდა ევროკავშირთან კონტაქტის მცდელობა, რაზეც ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.