პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მომავალ მთავრობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება თუ სურს, ეს შეიძლება მოხდეს იმ ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მომავალ მთავრობას ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება თუ სურს, ეს შეიძლება მოხდეს იმ ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალ მთავრობას სურს ევროკავშირში ინტეგრაციის გზის გაგრძელება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საფუძველზე, რომლებზეც ევროკავშირია აგებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

„ქართველი ხალხი თუ აირჩევს ისეთ მომავალს, რომელიც გულისხმობს ცხოვრებას ერთპარტიულ სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ შეუძლიათ თავისუფლად ფუნქციონირება, სადაც არ არის მედიის თავისუფლება, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები არ არის დაცული, არანაირი გზა არ არსებობს, რომ საქართველო ოდესმე გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენ, ევროკავშირის წევრებს. ეს ღირებულებები არ ექვემდებარება მოლაპარაკებას.

გუშინ და დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში. ისინი განიხილავენ ევროკავშირის წინაშე მდგარ ყველა მწვავე საკითხს. პირველ ყოვლისა, ისინი ფოკუსირებული არიან უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. მათ შეუერთდა პრეზიდენტი ზელენსკი და ისინი განიხილავენ უკრაინის ხედვას ომის დასასრულებლად ე.წ. სამშვიდობო ფორმულის ფარგლებში. ისინი განიხილავდნენ ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. როგორც ვიცით, ვითარება იქ მართლაც სერიოზული ხდება. ისინი ასევე განიხილავდნენ სხვა კრიზისულ სიტუაციებს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ასევე განიხილავდნენ ვითარებას საქართველოში.

გასულ წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო დასკვნები საქართველოს შესახებ. გთხოვთ, გადახედეთ. ეს არის ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმებული უმაღლეს დონეზე, 27 პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დონეზე. მთავარი გზავნილებია: პირველი რიგში ის, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის სურვილს, შეუერთდეს ევროკავშირს; მეორე გზავნილია – არსებული მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, საგანგაშოა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია, რომელმაც განზრახ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქმედებებით, განცხადებებით და კანონმდებლობით, საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირს, ნაცვლად იმისა, რომ დაეახლოებინა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეუერთდება ევროკავშირს ძირითადი პრინციპების დარღვევით, რომელზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი.

„მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს მიღების პროცესი და მათ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, დაეზუსტებინა მისი ჭეშმარიტი მისწრაფებები. რამდენიმე თვის შემდეგ, გუშინ ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ, ისევ განიხილეს საქართველოს საკითხი და შეათანხმეს საბჭოს დასკვნა, რომელშიც ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების, გადაწყვეტილებების შედეგია ასეთი დაბალი დონე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. 26 ოქტომბრის შემდეგ არჩეული საქართველოს მთავრობის საქმეა, ზუსტად გადაწყვიტოს პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებით. კიდევ ვიმეორებ, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეუერთდება ევროკავშირს ძირითადი პრინციპების დარღვევით, რომლებზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი. თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა – ესენი აბსოლუტურად არ ექვემდებარება განხილვას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.