პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვარ, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ, ვიმედოვნებ, მათი ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას
მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, პოლონელი ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა საქართველოში და მიეცათ უფლება, მოენახულებინათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისსავე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები.
„ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ „ვივამედის“ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის, სასამართლოში და როგორც პაციენტის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა. პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.