პაველ ჰერჩინსკი - მნიშვნელოვანია, არჩევნები იყოს თავისუფალი, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით, მთავრობას, არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარება უზრუნველყოს
ევროკავშირისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ოფისში, სადაც ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძესა და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით, მთავრობას, რომ არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარება უზრუნველყოს.
„ISFED-ის შტაბში ვარ. მადლიერი ვარ ნინო დოლიძისა და მისი გუნდის ჩვენი მასპინძლობისთვის. ევროკავშირისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და, უპირველეს ყოვლისა, არ იყოს ძალადობა. თავიდან უნდა იყოს აცილებული ძალადობა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით, მთავრობას, უზრუნველყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით.
როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან ადგილობრივ სადამკვირვებლო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებენ იმის უზრუნველყოფაში, რომ არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ამაყი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ISFED-ს და სხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. იმედი გვაქვს, 26 ოქტომბრის შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, და ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ეს ახალი მთავრობა განაახლებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ევროპული გზაზე წარმატებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.