პაველ ჰერჩინსკი - გვსურს, საქართველომ უზრუნველყოს, რომ არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება
ევროკავშირმა უმკაცრესი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანა ხელს უწყობს ერთობლივ ძალისხმევას სხვადასხვა გზით, საქართველომ დააწესა ზოგიერთი ჩვენი სანქცია, თუმცა არა – ყველა. გვსურს, საქართველომ უზრუნველყოს, რომ არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა, რუსეთმა შეცვალოს თავისი ქცევა და შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
„ევროკავშირმა უმკაცრესი სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ რუსეთის ქცევა და უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე, რომ ეს საშინელი ომი დასრულდეს. ამისთვის გვჭირდება, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი ქცევა და შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი მრავალმხრივი პოლიტიკის ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ არის სანქციები. ევროკავშირის წევრმა 27-ვე სახელმწიფომ ყველა ჯერზე შეათანხმა სანქციების ახალი პაკეტი და ამას ვაკეთებთ ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთადაც. ვიცი, რომ სხვადასხვა ქვეყანა ხელს უწყობს ამ ერთობლივ ძალისხმევას სხვადასხვა გზით და საქართველომ დააწესა ზოგიერთი ჩვენი სანქცია, თუმცა არა – ყველა და ჩვენ გვსურს, საქართველომ უზრუნველყოს, რომ მისი ტერიტორიები და ქართული კომპანიები არ იქნას გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.