პაველ ჰერჩინსკი - ევროკომისია კრიტერიუმებზე პროგრესს მომავალ წელს შეაფასებს, არის დრო, რათა პოლიტიკურმა ელიტამ დაამტკიცოს, რომ შეუძლიათ ერთად მუშაობა და რეკომენდაციების შესრულება
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ვროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით პროგრესი ექნება.
ელჩის შეფასებით, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.
„როგორც იცით, როდესაც ჩვენმა ლიდერებმა გადაწვიტეს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინათ, მათ ასევე წარადგინეს 12 კრიტერიუმი და ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს ამ მიმართულებით პროგრესი ექნება. რამდენადაც ვიცი, 12 პრიორიტეტზე მუშაობა მიმდინარეობს, საქართველოს პარლამენტი უძღვება მას. ჩვენი ყველა კონტაქტის დროს, მმართველ პარტიას ვთხოვთ, რომ ეს პროცესი იყოს ინკლუზიური და ის ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობოებისთვის. ჩვენ ასევე ვთხოვთ ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ამ სამუშაოებში, ჩაერთონ კონსტრუქციული გზით. ვიცი, რომ ზოგიერთ ამ კრიტერიუმზე პროგრესი მიღწეულია, ზოგზე კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. დრო ჯერ არის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ევროკომისია ამ პროგრესს მომავალ წელს შეაფასებს, მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კი დაახლოებით ერთ წელიწადში მიიღება.
„ფორმალურად, მოსაზრება გამოქვეყნდება მომავალი წლის ოქტომბერში, შემდეგ, სავარაუდოდ, მომდევნო წლის დეკემბერში, ევროპელი ლიდერები ხელახლა გადახედავენ საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ნაბიჯებზე. საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთ წელიწადში იქნება. ასე რომ, არის დრო, რათა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ დაამტკიცოს, რომ მათ შეუძლიათ ერთად მუშაობა და რეკომენდაციების შესრულება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით, არამედ ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გასაძლიერებლად, მისი დემოკრატიისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.