პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია
ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან შემდეგ, ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს.
„შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რასაც ქართველები გააკეთებენ. ევროკავშირის გადასაწყვეტი არ არის პოლიტიკური საკითხები არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან არჩევნების შემდეგ. ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. ჩვენ ხმამაღლა და ნათლად განვაცხადეთ, ველოდებით, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არჩევნები იქნება სრულად ინკლუზიური, სრულად გამჭვირვალე და სრულად კონკურენტუნარიანი“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ევროპელ პარტნიორებთან ვაჭრობისა და ინვესტიციის შეჩერება, რაზეც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა:
„საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში ივნისში შეჩერდა, ეს იყო ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ფინანსური დახმარება, შეჩერებულია 120 მილიონის ღირებულების მიმდინარე პროგრამები. თქვენი, ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გსურთ თქვენი ქვეყნისთვის. ამ დროისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდებოდა ევროკავშირს“.