პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე
ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის ძალიან ნათელია: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერდა საქართველოს არა მხოლოდ განცხადებებში და სიტყვებით, არამედ საქმეებითაც.
„თქვენ გყავთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე. აქ არიან ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას, რომელიც იტანჯება რუსეთის ოკუპაციის გამო ორ სეპარატისტულ რეგიონში. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ვცდილობთ, მოვძებნოთ გრძელვადიანი პერსპექტივა ამჟამინდელი ვითარებისთვის. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოველთვის საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ეს დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
რაც შეეხება 2008 წლის ომს, მსურს, ცხადად განვაცხადო, ქაოსისა და განადგურების უკან, იმის უკან, რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ადგილას: სირიაში, საჰელის რეგიონში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის იყო დაინტერესებული დესტაბილიზაციით, ქაოსით და არეულობით. განსაკუთრებით ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რაც ხდება უკრაინაში გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და სასტიკ რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა ძალიან ცხადი მხარე დაიკავა. ჩვენ არ ვიღებთ ნეოკოლონიალისტურ და იმპერიალისტურ ამბიციებს. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ. მიუღებელია, დიდი და ძლიერი ქვეყანა შეიჭრას უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი იქნება საქართველოს მომავალი.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ნებისმიერ შედეგს. რამდენადაც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან პროევროპულია. როგორც ევროკავშირი ელჩი, მე ძალიან მოხარული ვიყავი, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული გადაწყვეტილება, გაგვეღო კარი საქართველოს წევრობისთვის. საქართველო ფორმალურად არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თუმცა ეს უნდა მოხდეს პრინციპების საფუძველზე, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უმცირესობების უფლებები – ეს საბაზისო პრინციპები უნდა იყოს დაცული ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის მიერ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.