პაველ ჰერჩინსკი - ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ კონსტრუქციულად
ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა. ეს არის მონუმენტური ამოცანა და ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს. ერთიანობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად, შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში.
„საქართველოს გერბს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ერთიანობის სიმტკიცით არის შექმნილი და ზუსტად ეს არის საჭირო ევროინტეგრაციისთვის. ჩემი ქვეყნის, სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გადავხედავთ, რომლებიც წარსულში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს, ეს ყოველთვის იყო ყველას კოლექტიური ძალისხმევა და მთავრობა აშკარად უნდა იყოს ინკლუზიური. ოპოზიციამ უნდა მოუსმინოს საზოგადოებას, მაგრამ, ამავდროულად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ კონსტრუქციულად და შეეცადონ, წვლილი შეიტანონ ერთობლივ ძალისხმევაში. გაერთიანებულ ქართველებს მართლაც დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ევროინტეგრაცია არის ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრიორიტეტია. ვიცი, რომ ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი და პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს ამ მიზანს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად ვიმუშავებთ ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.