პაველ ჰერჩინსკი - დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები იქნება თავისუფალი, კონკურენტული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება.
მისივე თქმით, დაელოდებიან ეუთო/ოდირის შეფასებას, იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.
„გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ მომავალი არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების აზრი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას. შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, ვუპასუხოთ ნებისმიერ მოვლენას, მათ შორის საარჩევნო ძალადობის ყველაზე ცუდ სცენარს და არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. ეს ჩვენ გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არასდროს გამოვცდით საქართველოს შემთხვევაში.
26 ოქტომბერს ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი, ხალხი წავა არჩევნებზე და მისცემს ხმას. დიახ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ისტორიული არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მომავალს. საქართველოს მთავრობამ მოიწვია საერთაშორისო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ეს მისია უკვე ჩამოვიდა. მისია შედგება ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყნისგან, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ჩამოსული დამკვირვებლებისგან. ეს არის საერთაშორისო სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება საარჩევნო დაკვირვებას. დაველოდებით ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის შეფასებას და ისინი გვეტყვიან, რას უნდა ველოდოთ: იქნება თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.