პაველ ჰერჩინსკი - დამკვირვებელთა შეფასებებით გადავწყვეტთ, მივიჩნევთ თუ არა არჩევნებს თავისუფლად, არასამართლიანად თუ ჩაითვლება, მოგვიწევს ისეთი ზომების მიღება, რაც გამოვიყენეთ, მათ შორის, ბელარუსთან
ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების ნებისმიერ შედეგს იმ პირობით, თუ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, დამკვირვებლების შეფასებების საფუძველზე გადაწყვეტენ, მიიჩნევენ თუ არა არჩევნებს სამართლიანად.
„საქართველოს მთავრობამ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ეუთო/ოდირის გუნდთან. ვიცი, რომ მათ აქვთ დიდი გეგმები, წარმოდგენილი ჰყავდეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა არჩევნები წინ, არჩევნების დროს და არჩევნების შემდგომ. მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებს, როგორიცაა ISFED, რომლებიც ასევე დააკვირდებიან არჩევნებს. ველოდებით მათ შეფასებებს და ამ შეფასებების საფუძველზე გადავწყვეტთ, მივიჩნევთ თუ არა არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ჩაითვლება არასამართლიანად და არათავისუფლად – გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება, თუმცა რადგან მკითხეთ – სამწუხაროდ, მოგვიწევს ჩვენს ინსტრუმენტებში არსებული ზომების გამოყენება. ეს არის ის, რაც გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ბელარუსთან. ჩვენ არ ვაღიარეთ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები. ეს არჩევნები იყო მოპარული და სწორედ ამიტომ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. ასე რომ, ეს არის ყველაზე უარესი სცენარი. ვიმედოვნებთ, ამ მდგომარეობამდე არასდროს მივალთ და საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი, მშვიდობიანი. მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევს. Ჩვენ პატივს ვცემთ არჩევნების ნებისმიერ შედეგს იმ პირობით, თუ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.