პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის, პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება, 2030 წელი, გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს მოხდება
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის, პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება, 2030 წელი, გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს მოხდება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ამისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. სწორედ ამიტომ ვარ აქ და გუნდთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მთავრობას რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მომავალ მთავრობაზე და, შესაძლოა, მის მომდევნოზეც. ასე რომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ რამდენადაც შეგვიძლია, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ქართველებზე. საჭიროა, ყველამ ერთად იმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება, ქვეყანა იყოს მზად, შესაბამისობაში, რომ მიიღოს მომავალი წევრობის ყველა სარგებელი. მეორე მხრივ, თქვენ გჭირდებათ, რომ 27 წევრი სახელმწიფო იყოს მზად, მიიღონ ახალი წევრები, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე სახელმწიფოზე „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“, კერძოდ, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებზე დასავლეთ ბალკანეთიდან, რომლებმაც ეს პროცესი ბევრად ადრე, 20 წლის წინ დაიწყეს.

ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ შარლ მიშელის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ის დასაწყისს აძლევს დისკუსიას არა მხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოების მზადყოფნის შესახებ, არამედ ასევე გაფართოებისთვის ამჟამინდელი წევრების მომზადების შესახებ. პირველად ჩვენ გვაქვს თარიღის შეთავაზება – 2030 წელი, დღეიდან შვიდ წელიწადში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება და მე მაქვს გადაჯვარედინებული თითები საქართველოსთვის“, – განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ პირველ არხს.

როგორც ჰერჩინსკიმ განმარტა, შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის.

„ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც, წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ გამოსვლაში შარლ მიშელი გულისხმობდა იმას, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ დისკუსია იწყება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ასე რომ, ეს არ არის დავალება მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი შიდა დავალებაც ევროკავშირის წევრებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2030 წელს, დაახლოებით ამ თარიღისთვის, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს გაფართოების კიდევ ერთი ტალღა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამასთან, ამავე თემაზე გუშინ განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე.