პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშს, დაველოდებით მათ შეფასებას საარჩევნო პროცესისა და თავად არჩევნების ჩატარების შესახებ
ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშს, რომლებიც პრესკონფერენციას არჩევნების მეორე დღეს გამართავენ და ჩვენ დაველოდებით მათ შეფასებას საარჩევნო პროცესისა და თავად არჩევნების ჩატარების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
„ერთ-ერთი პირობა, რომელიც ჩვენ დავაწესეთ გასულ წელს პირველი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებისას, იყო თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის არსებობა. აბსოლუტურად აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს თავისუფლად კონკურენცია გამჭვირვალე და ინკლუზიური გზით. ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშს, რომლებიც მოწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის მიერ, რათა დააკვირდნენ არჩევნებს. ანგარიში და ეუთო/ოდირის პრესკონფერენცია გაიმართება არჩევნების მეორე დღეს და ჩვენ დაველოდებით მათ შეფასებას საარჩევნო პროცესისა და თავად არჩევნების ჩატარების შესახებ. მე მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ აბსოლუტურად აუცილებელია საქართველოში არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მე გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.