პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ არასდროს გვითქვამს, როგორია სწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ვენეციის კომისია ამბობს, რომ სწორია სისტემური მიდგომა, ჩვენც ანალოგიურად ვფიქრობთ
გუშინწინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.
პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი.
„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ, ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.