პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება
დეოლიგარქიზაცია კომპლექსური საკითხია, ეს არის საკითხი, რომლითაც მდიდარი ბიზნესმენები ზედმეტ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მსგავსი გამოწვევა ასევ არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
„ქართულმა მხარემ გარკვეული მიდგომა აირჩია. ჩვენ მადლიერი ვართ, რომ საერთაშორისო სტანდარტების დამდგენებთან კონსულტაციები იქნა გავლილი და ბოლო რეკომენდაცია იყო ვენეციის კომისიისგან, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების განმსაზღვრელია. მიდგომა, რომელიც შეარჩიეს, სწორი არ არის. ვენეციის კომისიამ მიუთითა ფაქტზე, რომ ეს მიდგომა შეიცავს მრავალ რისკს და ვენეციის კომისიამ შესთავაზა განსხვავებული, სისტემური მიდგომა. ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არჩევნების გამჭვირვალობას, მაღალი დონის კორუფციას, სისტემის გამჭვირვალობას. ასე რომ, ჩვენ ვგულისხმობთ მრავალ საკითხს, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო, რათა შეიზღუდოს მდიდარი ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა ელჩმა.