პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები სამარცხვინო და შემზარავია
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები სამარცხვინო და შემზარავია.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, რადგან ისინი ყველას თავისუფლებისთვის იბრძვიან.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ გულგრილი. უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე ავირჩიეთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით, რადგან უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, არამედ იბრძვიან ჩვენთვის, ყველასთვის. ისინი იბრძვიან წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის. თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდების შესახებ – მიმაჩნია, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი. უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით ჩვენ გვაქვს მშვიდობა უკრაინაში, საქართველოში, ევროკავშირში. მათ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ეკუთვნით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, მათ შორის ევროკავშირის წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არის „გლობალური მშვიდობის პარტია“.
„მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია დასავლეთის, მათ შორის ევროკავშირის წინააღმდეგ. იცით ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩვენი მოთხოვნა, პირველი ნაბიჯი იყო, შემწყდარიყო ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა, პროპაგანდა გრძელდება, მაგრამ, როგორც ევროკავშირი, მაღალ ზნეობრივ საფუძველზე ვდგავართ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გაიმეორებთ რაღაცას, რაც არ არის მართალი. ჩვენ ვიცით, რომ ვდგავართ მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, განვითარებისთვის. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია, ის არის მოსკოვში. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს; სწორედ რუსეთი შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მიიერთა ყირიმი 2014 წელს; სწორედ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს; სწორედ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, რათა შეაფერხოს და შექმნას ქაოსი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აფრიკაში, საჰელში, ახლო აღმოსავლეთში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ წარმოვადგენთ მშვიდობას, წარმოვადგენთ სტაბილურობას, კეთილდღეობას.
ძალიან მიხარია, რომ გავუღეთ კარი საქართველოს. ჩვენ გელოდებით, მაგრამ გარკვეული პირობებით, რომლებიც არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. თქვენ თუ აირჩევთ ერთპარტიულ სახელმწიფოს, თუ აირჩევთ, რომ არ გყავდეთ პოლიტიკური ოპოზიცია, თუ აირჩევთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქვეყნიდან გაძევებას, ეროვნული და სხვა უმცირესობების ჩაგვრას, სტიგმატიზაციას, საქართველო ვერასოდეს შევა ევროკავშირში. არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.