პაველ ფიშერი - ჩვენ აქ ვართ, რათა განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ამ კანონის შესწორება არ შეალამაზებს სურათს
ჩვენ ვიცით, რომ ქართული საზოგადოება არის უკიდურესად პოლარიზებული, ეს არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება, ეს წერია ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ მოგვესმინა ორივე მხარისთვის, ადამიანებისთვის ქუჩაში და ადამიანებისთვის მთავრობაში, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა განაცხადა.
ფიშერის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო.
„ჩვენ გვესმის, რომ ხალხი შიშობს მომავლის გამო, რომ არის მუქარის შემცველი გზავნილები. ეს არის მიზეზი, თუ რატომ მოვედით აქ, როგორც ჩვენი პარლამენტების წარმომადგენლები. ჩვენ გვინდოდა, შევხვედროდით საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, პირადად მე უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, მივსულიყავით პარლამენტში. შესაძლოა, მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ აქ ვართ, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონის შესწორება არ შეალამაზებს სურათს. კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ გენდერული კვოტირების კანონზე, უმცირესობებისა და ლგბტქ კანონზე, ოფშორების კანონზე, ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების შესახებ კანონზე ან მოსმენების კანონზე და სხვ. ყველა ეს კანონი გვაჩვენებს ტრაექტორიას, რომელიც შეუსაბამოა იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის სუვერენული ქვეყნის სუვერენული მოქალაქეების სუვერენული არჩევანის საკითხი, თუმცა ჩვენ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს გვაქვს პასუხისმგებლობა, დავადასტუროთ ჩვენი მთავრობებისთვის მანდატები, მაგალითად, ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ან ნატო-ს სამიტამდე. ჩვენ ვისურვებდით, რომ ვიყოთ სათანადოდ ინფორმირებული იმ ბრძოლის შესახებ, რომელსაც ქართველი საზოგადოება ამ დღეების განმავლობაში გადის“, – განაცხადა ფიშერმა.
საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მიხაელ როთიმ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.