პაუ გასოლი ოლიმპიადაზე გამოსვლას მეხუთედ აპირებს
პაუ გასოლი ოლიმპიადაზე გამოსვლას მეხუთედ აპირებს

ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსასვლელად ემზადება. ამის შესახებ 39 წლის მოთამაშემ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში გამოაცხადა.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში NBA-ის ორგზის ჩემპიონმა 2019 წლის მარტში „მილუოკისთან” გააფორმა კონტრაქტი. მან ამ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც, ფეხის მძიმე ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე ვერ შეძლო თამაში. მაისში მან ოპერაცია გადაიტანა.

გასული წლის ივლისში, ესპანელმა კონტრაქტი დადო „პორტლენდთან”, მაგრამ ამ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და მას 20 ნოემბერს გამოეთხოვა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, გასოლი უმუშევრად რჩება.

იმავე რადიოინტერვიუში პაუმ არ გამორიცხა NBA-ში დაბრუნება.

იმ შემთხვევაში, თუ პაუ გასოლი ესპანეთის ნაკრებში ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს, ეს იქნება მის კარიერში მეხუთე ოლიმპიადა.

ვეტერან ცენტრს სამი ოლიმპიური მედალი აქვს – ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.