პატრულ-ინსპექტორი გელა კვაშილავა - ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, ვითხოვ ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას
პატრულ-ინსპექტორი გელა კვაშილავა - ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, ვითხოვ ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივის. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში უწყების წარმომადგენელთან ერთად, ფოთის პატრულ-ინსპექტორმა, გელა კვაშილავამ შეიტანა.

როგორც აღინიშნა, სარჩელი ეხება გელა კვაშილავას პატივისა და ღირსების შელახვას. გელა კვაშილავა ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რათა მომხდარიყო როგორც მისი, ისე სამინისტროს დისკრედიტაცია.

კვაშილავას განმარტებით, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ის ფოთში, ავტომობილის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებებით გადაადგილდებოდა“. გელა კვაშილავას განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

კვაშილავა ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

„30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, მტკიცებით ფორმაში ჩემზე გავრცელდა ცრუ და გამოგონილი ამბები. მყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მშობლები. შეილახა ჩემი პატივი, ღირსება და რეპუტაცია. ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის და სასამართლოს მივმართე სარჩელით. „ტვ პირველისგან“ ვითხოვ, უარყონ ინფორმაცია, ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. იყო გამოგონილი ამბები, თითქოს ფოთში ნარკოტიკებით გადავაადგილდებოდი, არანაირი კავშირი არ მაქვს“, – აღნიშნა გელა კვაშილავამ.