„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე ჩავარდა.
რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, წინააღმდეგ კი 16 წავიდა.
კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რეზოლუციის ზოგად პათოსს ეთანხმება, თუმცა მას მხარს ვერ დაუჭერს.
„რეზოლუციის პათოსსa და შინაარსს ვეთანხმებით. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო 2004-2012 წლებში, იყო დანაშაულებრივი, ზუსტად ამ მესიჯით ჩვენს საპრეზიდენტო კანდიდატს მილიონ 150 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. ეს არის საზოგადოების საერთო განწყობა. მხარს ვუჭერთ საერთო პათოსს, საერთო შინაარსს, თუმცა შენიშვნები გვაქვს სამართლებრივ მხარესთან, თუ ეს ნაწილი იქნება გადასინჯული, ამ შემთხვევაში მზად ვართ, ვიმსჯელოთ ასეთი შინაარსის რეზოლუციის მიღებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მმართველობის პერიდოში ქვეყანაში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც არჩევნების გზით განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლებების უზურპაცია.
ტექსტში აღნიშნულია, რომ რეჟიმმა უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8 პროცენტზე მეტი, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურების და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები.