„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას სავარაუდოდ მხარს დაუჭერს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს სავარაუდოდ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მხარს დაუჭერს. მან უკვე დაასრულა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაცია.
„ჩემი პოზიცია სესიაზე გამოჩნდება, თუმცა მანამდე კარგად უნდა გავიცნო კანდიდატის გეგმები და არ გამოვრიცხავ უმრავლესობასთან კონსულტაციებს. ვიცი, რომ ახალგაზრდა, წარმატებული კაცია, ჩართული იყო ჰესების მშენებლობაში, იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და პოზიტიურად ვარ განწყობილი, მაგრამ პოზიციას სესიაზე ყველა გაიგებთ“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.