„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს [ფოტო]
„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს [ფოტო]

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავს.

პროტესტი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების – „ენდიაის“  და „აირაის“  თბილისის ფილიალების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს უკავშირდება.

„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ საელჩოსთან აქციით სურთ, მიმართონ ამერიკის ხელისუფლებას, რომ „იმოქმედოს, შეაჩეროს ტყუილი და დაასრულოს საქართველოში „ენდიაისა“ და „აირაის“ მავნე საქმიანობა“.

„პატრიოტთა ალიანსში“ მიაჩნიათ, რომ გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.

„არა „ენდიაის“ და არა „აირაის“. მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა ხალხი მათ, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო. დაიწყოს გამოძიება ჩვენი სახელმწიფოს სათანადო სტრუქტურებმა, კორუფიცია არის, როცა ხდება შედეგების გაყალბება. ჩვენ არ ვართ პოლიგონი, სადაც ცდები უნდა ატარო“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.