„პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, შეკრების ორგანიზატორებს სურთ, ამერიკელ პარტნიორებს უთხრან, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია ან კოლონია.
„15 სექტემბერს 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ და დასავლელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერთ მწამებელ ბოკერიას, მწამებელ სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს და სწორედ ეს აძლიერებს ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განწყობებს.
ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოსთან ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ თქვენ არა ხართ ჩვენი დირექტორები. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ჩვენ ვთანამშრომლობთ თქვენთან, თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არა ვართ თქვენი კოლონია და ჩვენ არ ვაპირებთ, გავხდეთ ან თქვენი კოლონია ან რუსეთის გუბერნია, საქართველო განვითარდება მომავალშიც, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. არცერთ კრამერს არ ექნება იმისი უფლება, რომ ხელით შეეხონ საქართველოს პარლამენტის წევრს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ამასთან ირმა ინაშვილის თქმით, პარტია აშშ-ის საელჩოს მიმართავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს აეკრძალოს საქართველოში ჩამოსვლა.
„ჩვენ მივმართავთ ამერიკის საელჩოს, რომ აეკრძალოს ბატონ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა, საგანგებო ნოტით, წერილით მივმართავთ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ამერიკის საელჩოს, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ისე სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს და ჩვენს პარტნიორებს.
დიდი ბრძოლის და გამოწვევის წინაშეა საქართველო, კარგი იქნები თუ ამას გააცნობიერებს თითოეული მოქალაქე, სააკაშვილებს, ბოკერიებს და კრამერებს ჩვენი ჩათრევა ახალ ომში სურთ, ახალი ომის შედეგად ჩვენი საქართველო ახალ ტერიტორიებს დაკარგავს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ყველამ დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო ბრძოლის ველიდან და ეს ბრძოლის ველი არის გარეთ სამოქალაქო აქტივობაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.