პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ დაიწერება
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალი ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ დაიწერება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იქმნება ხატი „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას, სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, ილია ნასიძემ განაცხადა.

სასულიერო პირის განცხადებით, ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერების მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ და იგი იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა.

„წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, 12 მაისი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომობის დღედ დადგინდა. საქართველოსთვის ღვითისმშობლის წილხვდომობის უმნიშვნელოვანესი მოვლენა უდიდეს დღესასწაულად, იმედის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ამ უდიდესი მადლის განახლება იქნება შექმნა ხატისა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, ხელაპყრობილი მვედრებელი დედა ღვთისა საქართველოს მფარველ წმინდანებთან ერთად. ხატი შესრულდება მოზაიკასა და მინანქარში. ეს ხატი გამოხატულებაა ქართველი ერის მადლიერებისა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთისმშობელი საქართველოს მართადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი და სიმბოლო ურყევი სასოებისა და იმედისა“, – განაცხადა მამა ილია ნასიძემ.

მამა ილია ნასიძემ მრევლს თანამონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ღვთის ნებით მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართველი ემიგრაცია მიიღებს მონაწილეობას ხატის შექმნაში. წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების 1700 წლისთავზე ახლადშექმნილი ხატი ღვთისმშობლისა იქნება გვირგვინი საღვთო მადლისა, ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნეობაში გამთლიანებისა. ყველა ადამიანი, თუნდაც ერთი ლარითაც თუ შეეწევა, ისიც იქნება თანამონაწილე ამისა. არავის ევალება დიდი თანხების შეწევნა, თანამონაწილეობა არის დიდი რამ”,- განაცხადა მამა ილიამ.