პატრიარქს აღსაყდრების იუბილე მიულოცეს სინოდის წევრებმა. სინოდის განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა და მეუფე ნიკოლოზმა წაიკითხეს.
განცხადებაში ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაზე და ილია მეორის დამსახურებაზეა საუბარი. ყურადღება გამახვილებულია 2017 წელს ეკლესიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისიონერული მოღვაწეობა პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში
საიუბილეო 2017 წელი – საქართველოს ეკლესიის მძიმე უახლესი წარსული, წინააღმდეგობრივი აწმყო და საიმედო მომავალი
2017 წელი განსაკუთრებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში. წელს ჩვენი ეკლესია და სრულიად საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს 3 დიდ თარიღს – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი საუკუნის მანძილზე შეჩერებული 15-საუკუნოვანი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს; უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიადსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.
საეკლესიო თუ საერო დღესასწაულები ჩვენდამი ღვთის გამორჩეული მოწყალების აღმნიშვნელი თარიღებია. ასეთ დღეებში ჩვენ უპირველესყოვლისა ღვთისადმი მადლიერების აღვლენა ანუ მონიჭებული სიკეთის ადეკვატური შეფასება, მისი საჯარო აღიარება და სიტყვით თუ საქმით შესაბამისი დიდებისმტყველება გვმართებს. ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარულის სწორად აღქმა და შეფასება პირველ რიგში გვჭირდება ჩვენ ადამიანებს. მადლიერების განცდა აღამაღლებს და განამტკიცებს ჩვენს სარწმუნოებას, ხოლო უმადურება უმძიმეს ტვირთად აწვება ჩვენს სულებს და გაუსაძლისს ხდის ღვთის მიერ მოცემული ჯვრის მტვირთველობას.
ადამიანთა მადლიერებით უფალიც ხარობს, უპირველესად ჩვენ მიერ მიღებული დიდი სულიერი სარგებლობის გამო. დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნები მუდამ უფლის ქება-დიდებას, ჩვენ შორის გამოვლენილი მისი საქმეების აღნუსხვასა და მათ საჯაროდ მოფენას მოგვიწოდებენ.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, როგორც უმაღლეს სასულიერო ინსტანციას, ევალება და ხელეწიფება ღვთის მოწყალების შეფასება და საჯარო განცხადება. წელს ჩვენს მიერ აღსანიშნავი თარიღები დაკავშირებულია XX-XXI საუკუნეებში ღვთის მიერ საქართველოს ეკლესიისათვის მონიჭებულ განუზომელ წყალობასთან.
ამ თარიღებს ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს, სამივე თარიღი ჩვენი უძველესი ქრისტიანი ერის უახლეს ისტორიაში განადგურების პირას მიყვანილი ეკლესიის სასწაულებრივი აღდგენის ამბავს ასახავს.
ვინ წარმოიდგენდა, რომ XIX საუკუნეში საქართველოს ეკლესიაში განვითარებული უმძიმესი მოვლენების შემდეგ ჩვენი სამღვდელოება და მრევლი იპოვიდა ძალას ებრძოლა საპატრიარქო საყდრის დამოუკიდებლობისათვის და მიეღწია გამარჯვებისათვის.
მხოლოდ ღვთის სასწაულით შეიძლება აიხსნას ერთი საუკუნის მანძილზე საქართველოს ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენა 1917 წლის 25 მარტს (ახ. სტ.) ავტოკეფალური მმართველობის და საპატრიარქო საყდრის აღდგენა – ეს იყო ჩვენი ერის შერყეული სულიერი საძირკვლის განმტკიცება. რომ არა ეკლესიის დამოუკიდებლობა და ჩვენი პატრიარქების თავდადებული ღვაწლი, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს ხალხს გაეძლო კომუნისტური ძალმომრეობისათვის და შეენარჩუნებინა თავის სულიერი ფასეულობები.
ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო ეკლესიის სრული განადგურება. XX საუკუნის20-30-ანი წლები განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეკლესიისადმი სისასტიკითა და დაუნდობლობით. ინგრეოდა ეკლესია-მონასტრები, ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებსა და მრევლის წევრებს, ფეხქვეშ თელავდნენ სიწმინდეებსა და ქრისტიანულ ფასეულობებს.
ამ წლებში წყდებოდა ჩვენი ერის მომავლის ბედი. ისმოდა კითხვა – შეძლებდა თუ არა ქართველი ერი თუნდაც სულ რამდენიმე ათეულ ოჯახში რწმენის შეურყვნელად დაცვას, რომ მომავალი თაობებისათვის გადაეცათ ჭეშმარიტი ეკლესიის ტრადიცია.
მადლობა ღმერთს, მიუხედავად ერის უმრავლესობაში რწმენის დაკნინებისა, აღმოჩნდნენ ისეთი ღვთის რჩეული ოჯახები და გვარები, რომელთაც ერთგულად დაიცვეს საღმრთო სწავლება და წესი ქრისტიანული ცხოვრებისა. მათ შორის უდიდესი მისია აღასრულა ხევისა და სრულიად საქართველოს მცველმა ღუდუშაურ-შიოლაშვილების ისტორიულმა გვარმა. მათ საქართველოს განადგურების პირას მიყვანილი ეკლესიის აღმადგინებელი და აღმაშენებელი კათოლიკოს-პატრიარქი აღუზარდეს.
მისი უწმიდესობის დაბადების 85 წელი – ეს არის თარიღი, რომელშიც ერთისმხრივ, ვლინდება საღმრთო განგებულების მთელი იდუმალება და სიდიადე. საოცარია იმის წარმოდგენა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენი სულიერი განადგურების საკითხი იდგა, უფალი ამზადებდა პიროვნებას, რომელსაც უნდა აღედგინა და კვლავ დიდებით შეემოსა საქართველოს ეკლესია; მეორეს მხრივ, ეს თარიღი წარმოაჩენს საქართველოს მართლმადიდებელი ერის რჩეული შვილების, პირველ რიგში კი გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ოჯახის ღვთისადმი თავდადებული მსახურებისათვის მზადყოფნას.
ფაქტიურად, პატრიარქის დაბადების 85 წელი – ეს არის უკანასკნელი 100 წლის მანძილზე საქართველოში თაობათა შორის სარწმუნოებრივი ჯაჭვის უწყვეტობის აღმნიშვნელი თარიღი. სწორედ ამ უწყვეტობის წყალობით გადარჩა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ეს თარიღი არის მოსახსნებელი დღე იმ ოჯახებისა და პიროვნებებისა, რომელთაც უხმაუროდ და დაფარულად აღასრულეს თავისი ქრისტიანული და მამულიშვილური ვალი, ვინ აღმსარებლობით და ვინ მოწამეობრივი აღსასრულით.
მისი უწმიდესობის აღსაყრდების 40 წელი ჭეშმარიტად არის გვირგვინი საიუბილეო წლის ზეიმისა. უპირველესად ეს არის კიდევ ერთი სასწაული საქართველოს ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობისა; მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის პირობებში ღვთის მსახურთა და მრევლის უკიდურესი დევნისა და დისკრიმინაციისა, ყოველგვარი ლოგიკის საპირისპიროდ, ჩვენ თვალწინ განვითარდა პროცესი სარწმუნოებრივი ცხოვრების მართლაც რომ საკვირველი ხელახალი დაბადებისა, აღორძინებისა და განვრცობისა.
რა ვითარებაში იყო საქართველოს ეკლესია 40 წლის წინ?
ეს იყო განადგურების პირას მიყვანილი საპატრიარქო ინსტიტუცია და სულიერად უკიდურესად დაუძლურებული სამწყსო.
1977 წელს საქართველოს ეკლესიაში იყო 6 მღვდელმთავარი, ორმოცდაათამდე სასულიერო პირი და ამდენივე მოქმედი ტაძარი. საზოგადოების უმეტესობა გაუცხოებული იყო ეკლესიისადმი და იყო დიდი ზნეობრივი რეგრესი.
აი, ასეთი უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა საქართველოს ეკლესიამ 40 წლის წინ. ამას კიდევ დაემატა ეროვნული მოძრაობის მღელვარე 80-იანი წლები, ხოლო სახლემწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არანაკლებ რთული გარდამავალი პერიოდი – ორი სამოქალაქო და ორი სამამულო ომი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არაჯანსაღი ინფორმაციული და ფსიქოლოგიური კლიმატი, არასტაბილური ოჯახური და სამსახურეობრივი პირობები, სოფლების დაცლა, მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება, დევნილობა და ლტოლვილობა.
და ბოლოს, ამ წლების მანძილზე ეკლესიის წინააღმდეგ ხილული თუ უხილავი ბრძოლა არათუ მცირდებოდა, არამედ ყოველწლიურად ძლიერდებოდა. როცა ვფიქრობდით, რომ თავი დავაღწიეთ ათეისტურ ძალმომრეობას, აღმოვჩნდით მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმის წნეხის ქვეშ. თანამედროვე მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში მართლმადიდებლობა აღიქმება დემოკრატიისა და პროგრესის შემაფერხებელ ძალად. ამის გამო წარსულში ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა ფიზიკური დევნა შეიცვალა მათ მიმართ უმძიმესი მორალური დისკრედიტაციის ფორმებით.
ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ იქნება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და ბოლო ჟამს კულმინაციას მიაღწევს. რაც უფრო ძლიერდება ეკლესია, მით უფრო იზრდება მასთან დაპირისპირება. ჩვენი ეკლესიის მიმართ ეს დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა. 2017 საიუბილეო წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარი დაპირიპისრების პირობებში არა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც კი არ იყო ადვილი.
ამ 40 წლის მანძილზე ეკლესიაში განვითარებული ძირითადი მიმართულებების ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ მიმდინარეობს არამარტო არსებული პრობლემების დაძლევა, არამედ ის ეპოქალური ცვლილებები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ელოდა ჩვენი ერი. ყოველი სასიკეთო ნაბიჯი ითხოვდა გიგანტურ ძალისხმევასა და თავის სრულ უარყოფას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და აღასრულებს სასწაულს.
პირველი სასწაული, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების პირველივე დღეს ვიხილეთ, იყო ერის ერთსულოვანი ნდობა სრულიად ახალგაზრდასაჭეთმპყრობელისადმი. მის პიროვნებაში ქართველი ერი ხედავდა არა მარტო ეკლესიის, არამედ ქვყენის აღორძინების წინამძღვარსაც. ეს მოლოდინი უმოკლეს დროში გამართლდა.
საზოგადოებრივი ცხოვრებიდან განდევნილი ეკლესია უცბად აღმოჩნდა საქვეყნო მოვლენების ცენტრში. საქართველოს საპატრიარქო და სიონის საკათედრო ტაძარი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი მორალური საყრდენი შეიქნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში უდიდესი იყო ეკლესიის წვლილი.
პატრიარქის მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ჭეშმარიტად ეპოქალურ მოვლენას – კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას უძველესი დროიდან. 15 საუკუნის განმავლობაში ჩვენი ერის რჩეული სასულიერო და საერო მოღვაწენი ცდილობდნენ ამ აღიარების მოპოვებას, მარამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. საკვირველია, რომ ეს მოხდა ჩვენი ეკლესიის ისტორიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში – კომუნისტური რეჟიმის დროს.
საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მონაპოვარს წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჰარმონიული თანაარსებობის მდიდარი კულტურა. მისი უწმიდესობის ბრძნული ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი ტრადიციის აღდგენა. გამოინახა კონსტიტუციური შეთანხმების ისეთი ფორმატი, რომელიც დემოკრატიის პირობებში საშუალებას აძლევს ეკლესიას უმტკივნეულოდ ჩაერთოს საზოგადოებრივ სივრცეში.
ამ 40 წლის მანძილზე პოლიტიკური თუ სოციალური რადიკალიზმისა და გათიშულობის ვითარებაში რომ არა პატრიარქისადმი საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხი, შეუძლებელი იქნებოდა კონფლიქტების გაცილებით უფრო მძიმე ფორმებისგან თავის არიდება.
მისი უწმიდესობის მტკიცე სარწმუნოება, განუზომელი სიყვარული, სიბრძნე და სიმშვიდე, ურისხველობა და გასაოცარი მიმტევებლობა იზიდავს და ხიბლავს არა მარტო საქართველოს ეკლესიის წევრებს, არამედ ასევე ნებისმიერი აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანს. ყოველწლიურად იზრდება მისი ავტორიტეტი საერთაშორისო მასშტაბით. მის პიროვნებას უდიდეს შეფასებას აძლევენ მსოფლიოს ცნობილი რელიგიური თუ პოლიტიკური ლიდერები და საზოგადო მოღვაწეები.
ეროვნული იდენტობა ანუ ვინაობა ქვეყნის ისტორიული განვითარების განმსაზღვრელ ღერძს წარმოადგენს. მის გარეშე ერის წინსვლისა და წარმატების ყოველი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მისი უწმიდესობის უმთავრესი დამსახურება სწორედ ჩვენი დაცემული იდენტობის აღდგენისათვის გაწეული ღვაწლია. მთელ მის შემოქმედებას, როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს, განმსჭვალავს ქართული იდენტობის უმთავრესი ნიშანი – ღვთისა და მამულის თავგანწირული სიყვარული.
აღსაყდრების 40 წელი არ არის მხოლოდ პატრიარქის პიროვნული ღვაწლის აღნიშვნისა და დაფასებისადმი მიძღვნილი დღესასწაული. ეს არის სრულიად საქართველოს სულიერი აღდგომის ზეიმი; ერის მიერ საღმრთო დანიშნულების კვლავ გახსენების და მისი აღსრულებისათვის მზადყოფნის ზეიმი.
სამივე სადღესასწაულო თარიღი ერთსა და იმავე ჭეშმარიტებაზე მეტყველებს: ჩვენთვის ღვთისგან მონიჭებულ განუზომელ მოწყალებაზე და უფლის შეწევნით ეკლესიისა და მამულის გადარჩენისათვის უთანასწორო ბრძოლაში ერის თავდადებულ შვილთა გამარჯვებაზე.
ამგვარი მაგალითების გახსენება და გაანალიზება ახალი ძალებით აღავსებს ქვეყანას. ღვთისადმი მადლიერება და ღირსეული მამულიშვილების ღვაწლის დაფასება არის საწინდარი ჩვენი ერის რწმენაში განმტკიცებისა და სულიერი ამაღლებისა.
მადლიერება ღვთისა და ეკლესიისადმი ასევე უნდა გამოიხატოს ღირსეული საქმეების აღსრულებით. ჩვენ ყოველ მოქმედებაში უნდა იგრძნობოდეს, რომ ეს იუბილე არის ჟამი გარდატეხისა, ჟამი სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის ახალი ეტაპის დადგომისა.
ეს ზეიმი საერთო-სახალხო ხასიათისა უნდა იყოს. ვახერხებთ კი ამ ისტორიული მოვლენების ადექვატურ აღქმას, მის ობიექტურ შეფასებას და უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღების საყოველთაო აღნიშვნას?
სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ეკლესიასთან დაკავშირებულმა მღელვარე მოვლენებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხელი შეუშალასრულად გაეთავისებინა საიუბილეო დღეების მნიშვნელობა.
ქრისტეს ეკლესიას დაფუძნების პირველივე დღეებიდან გაშმაგებით ებრძოდა ღვთის წინააღმდგომი ძალა. ეკლესიისათვის ფიზიკურ დევნაზე უფრო მძიმე ქრისტიანთა რიგებში შფოთისა და უთანხმოების შეტანა იყო. ბოროტი ძალის მანქანება იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თვით მოციქულებიც კი არ იყვნენ დაზღვეული უთანხმოებისაგან.
თუ ეკლესიის უდიდესი წმინადებიც კი ვერ უძლებდნენ განსაცდელს, რა გასაკვირია რომ 21-ე საუკუნეში უმძიმესი სულიერი მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ეკლესიის წევრებს შორის ვიხილოთ მაგალითები ცდუნებისა და უთანხმოებისა.
ეკლესია ქრისტიანთა დიდი ოჯახია. როცა ოჯახს რაიმე სატკივარი აქვს, გვმართებს ერთმანეთის არა ქილიკი და განკითხვა, არამედ კურნების გზების ძიება და ჭირისუფლის შესაფერი გულისტკივილი. იქნებ დავფიქრდეთ, თუ რის ფასად უძლებს ამ უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღორძინების გზაზე შემდგარი ეკლესია ხილული თუ უხილავი ძალების უმძიმეს ზეწოლას. ვიყოთ გულწრფელი, ვკითხოთ საკუთარ თავს – რამდენად კეთილსინდისიერად აღვასრულებთ ეკლესიის წევრის მოვალეობას.
იქნებ ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრის ცდუნებისა და დაცემისა სწორედ საქართველოს მართლმადიდებელთა მიერ საკუთარი ჯვრის არასათანადოდ გაცნობიერებასა და მტვირთველობაშია. წლევანდელი განსაცდელი ხომ არ შეგვახსენებს იმ უეჭველ ჭეშმარიტებას, რომ სანამ ყოველი მართლმადიდებელი არ დამკვიდრდება დედა ეკლესიაში და არ აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას, შეუძლებელი იქნებ ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება?
ეკლესიური სწავლების მიხედვით, უფალს ძალუძს ნებისმიერი ბოროტება სასიკეთოდ მოაქციოს, თუ ჩვენ უდრტვინველად დავითმენთ განსაცდელს და სასოებით დაველოდებით მის დასრულებას.ასეთ შემთხვევაში საბოლოო შედეგი აუცილებლად სასარგებლო იქნება როგორც ცალკეული პიროვნებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.
ღვთის წყალობით, ჩვენი ზეციური მფარველების მეოხებითა და წინაპართა ლოცვით, საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურებმა და მრევლმა, ქვეყნის ხელისუფლებამ და სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და ერთობა.
ის უკეთური მცდელობა, რომელსაც შეეძლო ჩვენი საერთო-სახალხო ზეიმის გაუფასურება, თავად აღმოჩნდა საუკეთესო საშუალება საზოგადოებაში არსებული ერთსულოვნების გამოვლენისა და დადასტურებისა.
მოულოდნელმა განსაცდელმა არა მარტო დაგვანახა პატრიარქის გარშემო გაერთიანებული წმინდა სინოდის მღვდელმთავართა, ეკლესიის ღვთისმსახურთა და მრევლის ერთიანობა, არამედ კიდევ უფრო განამტკიცა იგი.
იგივე პროცესებს ვხედავთ ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობის უმრავლესობაში. წელს, პირველად ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას – ივერიას გააჩნია თავისი ისტორიული განვითარების სრულიად უნიკალური და თვითმყოფადი გზა,რომელმაც გადაარჩინა და მოიყვანა იგი დღემდე, და რომ იგი მომავალშიც დარჩება ერთგული თავისი იდენტობისა, რაც იქნება საწინდარიჩვენი ერის გამარჯვებისა.
ჩვენი იდენტობის უმთავრესი საფუძველი ქრისტიანობაა და მასთან ერის დაბრუნება არის შედეგი უმძიმესი 40 წლის მანძილზე პატრიარქის თავგანწირული ღვაწლისა. მისი უწმიდესობისადმი მადლიერების საერთო-სახალხო გამოხატულება იყო წლის დასაწყისში გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქისათვის აღვლენილი ერის საყოველთაო ლოცვა. ამ ლოცვამ სასწაული მოახდინა. ურთულესი და ფრიად სახიფათო ოპერაცია საუკეთესო შედეგით დამთავრდა. სწორედ ეს ერთსულოვნება შეშურდა ღვთის წინააღმდგომ ძალას და სცადა ჩვენ ხალხში არეულობა შემოეტანა, მაგრამ, საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შესძინა ჩვენს ერთობას.
ასევე არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ საიუბილეო წელს ინდოეთში წარმატებით დაგვირგვინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოძიება. ინდოეთიდან ჩვენი მნათობის წმინდა ნაწილების ჩამობრძანება და მათი მადლის მოფენა საქართველოში არისკიდევ ერთი ნიშანი ღვთის მიერ ჩვენი პატრიარქისა და ერის კურთხევისა და ეკლესიის მოწამეობრივ ღვაწლში განმტკიცებისა.
უფალმა წელს არც ღვთისმშობლის მადლი დაგვაკლო – მაისის თვიდან საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს ეპარქიებში მოგზაურობა დაიწყო აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატების ზუსტმა ასლებმა. ამ ხატების სახით უხილავად თავად ღვთისმშობელი დაბრძანდება საქართველოში და ლოცავს თავის წილხვედრ ქვეყანას. ყოველ რაიონში ხატები ჩერდებიან თითო კვირით. ეს არის საუკეთესო საშუალება საიუბილეოთარიღების აღნიშვნაში სრულიად საქართველოს მოსახლეობის ჩართვისა. ხატების მოგზაურობა დასრულდება 2018 წლის შემოდგომაზე.
საქართველოს მიერ განვლილი უკანასკნელი 40 წელი არის უწყვეტი ჯაჭვი ხილული თუ უხილავი ბოროტი ძალების მიერ ჩვენი ერის ჯვარცმისა. ყოველ წელს ჯვარცმა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, მაგრამ პატრიარქის მიერ ერისათვის გაღებული უფრო და უფრო მეტი მსხვერპლის წყალობით ეს გოლგოთა ჩვენი ქვეყნისთვის აღდგომით მთავრდებოდა.
მე-40 საიუბილეო წელს მისმა უწმიდესობამ ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი ჯვარცმა გაირა და მასთან ერთად სრულიად საქართველომ. უწმიდესის წყალობით ეს ჯვარცმაც საქართველოს აღდგომით დამთავრდა.
მარიამობისა და ღვთისმშობლობის დღესასწაულებზე მისმა უწმიდესობამ განახლებული შემართებით კვლავ შეგვახსენა თავისი მოწოდება – ქართველნო, ერთად ღვთისაკენ.
დადგა ჟამი, როდესაც ეკლესიის თითოეულმა წევრმა სრულად უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ღვთისა და მამულის წინაშე და შეუდგეს მის აღსრულებას. სწორედ ამ ჟამისთვის გვამზადებდა უფალი, პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზე.
უმძიმესი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების პირობებში ჩვენი ერი უნდა გაერთიანდეს როგორც სულიერ, ასევე ხორციელ ღვაწლში. არც ლოცვას აქვს ფასი შრომის გარეშე, და არც შრომას – ლოცვის გარეშე. მხოლოდ სინერგიით ანუ ღვთაებრივი და ადამიანური ძალების გაერთიანებით შევძლებთ ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო პრობლემების მოგვარებას.
მისი უწმიდესობა მოგვიწოდებს სამშაბათს და ხუთშაბათსსაღამოს 6 საათზე შევიკრიბოთ ტაძრებში, აღვავლინოთ ღვთისადმი სამადლობელი ლოცვა, მოვიფიქროთ და დავგეგმოთ საღვთისმსახურო, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და ეკონომიკური პროექტები და ერთობლივად შევუდგეთ მათ თანმიმდევრულ განხორციელებას.
პატრიარქის საგანგებო ლოცვა-კურთხევის საფუძველზე საქართველოს მართლმადიდებლებმა უნდა მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ჩვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებაზე და შევუდგეთ 2018 წლიდან ახალი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.
ნებისმიერი საქმის დაწყების წინ უნდა მივიღოთ კურთხევა ღვთისაგან. მუდამ უნდა გვახსოვდეს შოთა რუსთაველის უკვდავი სიტყვები -“რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების”.
უპირველესად, უნდა დავეწაფოთ სიცოცხლის წყაროს – საეკლესიო ღვთისმსახურებას, რომელიც არის”უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”.
ასევე საქმის კეთილად წარმართვისათვის უნდა შეგვეძლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა და ჩვენი ცხოვრების წესის საღმრთო სწავლებაზე დაფუძნება. უფლის მადლთან და სწავლებასთან მთელი არსებით ზიარება ნიშნავს ღვთის სიყვარულის მცნების აღსრულებას.
გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი – ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება.
მეორე მცნება, მსგავსი პირველისა, არის გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.
ჩვენი ცხოვრება ვერ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თუ ჩვენ მხოლოდ საკუთარი სრულყოფით დავკმაყოფილდებით. საკუთარი პიროვნების წრთობასთან ერთად ჩვენ გვმართებს ზრუნვა მოყვასზე. ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მცნებების აღსრულების გზაზე მდგომ პიროვნებას ყველა საქმეში ხელი მოემართება და მუდამ გამარჯვებული და ბედნიერი იქნება.
სამუშაოს ძებნაში დღეს ქვეყნის მოსახლეობის მესამედმა დატოვა სამშობლო, იცლება სოფლები, ინგრევა ოჯახები, ეცემა პროფესიონალური დონე.
პატრიარქი მოგვიწოდებს, ქვეყნის უმთავრესი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას შევუდგეთ ერთობლივი ძალისხმევით. მდიდარი ქრისტიანული კულტურის მქონე ქართული საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით.”ქუდზე კაცის” ტრადიციამ გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ჩვენ ვმადლობთ საქართველოს მთავრობას მოსახლეობაზე ზრუნვისათვის, მაგრამ არ შეიძლება მთელი პასუხისმგებლობის მხოლოდ ხელისუფლებაზე დაკისრება. ჩვენსწინაშე არსებული სირთულეების დაძლევა შეუძლებელი იქნება საზოგადოების ერთსულოვნების გარეშე, ხოლო ეს უკანასკნელი შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესის ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებით.
უფალი ბრძანებს:”ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ” (მათე 6, 33).
პატრიარქის საგანგებო ლოცვა-კურთხევის აღსრულება ახალი ძალით დამუხტავს ჩვენს ერს და ხელს შეუწყობს მის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.
საქართველოს ეკლესიის ყველა მოქმედ ტაძარში მრევლმა მოძღვრების კურთხევითა და ზედამხედველობით საღვთისმსახურო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტებთან ერთად უნდა შეიმუშაონ და განახორციელონ ასევე ეკონომიკური პროექტებიც.
მცირე ეკონომიკური პროექტების მიზანი არ არის ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება. მათი მიზანია ქართველმა კაცმა ქართულ მიწა-წყალზე შეძლოს საკუთარი ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა, უსაქმურობისა და უმოქმედობის დაძლევა, პროფესიული დონის ამაღლება, ქვეყნის სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების პროცესში წვლილის შეტანა. ყოველივე ეს განუმტკიცებს მას საკუთარი ძალებისადმი რწმენას, აღუდგენს ღირსების შეგრძნებას და აღარ იქნება იძულებული დატოვოს სამშობლო.
შესაძლებელია თავიდან წავაწყდეთ სხვადასხვა წინააღმდეგობებს,მაგრამ სულით არ უნდა დავეცეთ, უკან არ უნდა დავიხიოთ და ღვთის შეწევნით ჩვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს.
უფალი ბრძანებს: “ითხოვდით, და მოგეცესთქუენ;ეძიებდით, და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქვენ” (მათე 7,7).
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანსკნელი 40 წელი ჩვენ ეკლესიაში არის ჟამი ღვთის უწყვეტი სასწაულებისა; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასწაულს ღმერთი აღასრულებს ერის ან განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების თავგანწირული მსახურებისას.
ბოლო ოთხი ათწლეული ჩვენი ცხოვრებისა შეიძლება შევადაროთ ეგვიპტის მონობიდან გამოსული ებრაელი ერის 40-წლიან მოგზაურობას მოსეს წინამძღოლობით. მოსეს თავგანწირვამ ებრაელი ერი გამოიყვანა როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მონობიდან. მოსეს მსგავსად პატრიარქმაც სრულად იტვირთა თავისი ერის ჯვარი და 40 წელია წინამძღოლობს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ფერიცვალებას. ებრაელი ერის მსგავსად ჩვენც პერიოდულად ვიჩენთ უმადურებას ჩვენი სულიერი მამისადმი; ხოლო პატრიარქი მოსეს მსგავსად გვპატიობს და ღმერთს ევედრება, რომ არ დაგვსაჯოს ჩვენი უგუნურებისათვის.
უწმიდესის პიროვნების მნიშვნელობის გაცნობიერება გვჭირდება ჩვენ, მის სამწყსოს, და არა თავად პატრიარქს.
მისი მოვლინება ჩვენი ერისათვის უნდა მივიღოთ როგორც ღვთის უდიდესი წყალობა და თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ მას. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ღირსი ამ წყალობისა; გავაცნობიეროთ და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ეს უნიკალური შესაძლებლობა.
წლების მანძილზე მისმა უწმიდესობამ შეუძლებელი შეძლო ჩვენი ერის ფერისცვალებისათვის და კვლავაც თავდაუზოგავად ტვირთულობს უმძიმეს ჯვარს; მაგრამ თუ მის გარშემო მთელი ერი არ დავირაზმეთ, შეუძლებელი იქნება საქართველოს მართლმადიდებელთა სულიერი ამაღლება და ქვეყნის გაბრწყინება.
დღეს ქართველიერი გამთლიანებული და მშვიდობიანი ქვეყნის მიჯნაზე ვდგავართ და გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
ვახსენოთ ღმერთი და შევუდგეთ ჩვენი სულიერი მამის საგანგებო ლოცვა-კურთხევის აღსრულებას.
“უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.
ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მისიონერული მოღვაწეობა პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში
2017 წლის 25 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების 40 წლისთავს.
განვლილი პერიოდი საქართველოსათვის, ისევე როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ქვეყნებისათვის, ურთულესი ისტორიული გარდატეხების ხანა იყო და არის დღესაც. ათეისტური, ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი იმპერიის რღვევამ გამოიწვია მონობიდან თავისუფლებისაკენ, უღმერთოებიდან რწმენისაკენ საზოგადოების შეუქცევადი ლტოლვა და ამ დროს უფალმა სრულიად საქართველოს დაუდგინა საჭეთმპყრობელი, რომელიც 40 წელია თანმიმდევრულად მიუძღვის მორწმუნე ერს აღთქმული ქვეყნისაკენ.
ამ ურთულეს გზაზე, ბუნებრივია, მრავალი დაბრკოლება, უძლურება და შეცდომა იყო, მაგრამ დღეს, 40 წლის გადასახედიდან, გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს ის მისიონერული ღვაწლი, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველი ხალხის უფალთან მისაყვანად აღასრულა. ამ ღვაწლის სრულად აღწერა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი საქმეების არასრული ჩამოთვლა.
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება მთავრდება სიტყვებით:
“არიან სხვანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესო, რომელნი, თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები, ამინ.” (იოანე 21.25).
ამბობენ, რომ აქ ჰიპერბოლაა გამოყენებული, მაგრამ ეს წინადადება პირდაპირი მნიშვნელობითაც იკითხება.
მრავალსაუკუნოვან განსაცდელთა შემდეგ, რასაც ღვთის წინააღმდეგ მებრძოლი 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმი მოჰყვა, როგორ მიაღწია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზოგადოების რადიკალურ გარდასახვას და მრავალრიცხოვანი მრევლის შექმნას?
იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ქადაგებდა – ქადაგებდა ყველგან: საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში, სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში – მღვდლობისა და მღვდელმთავრობისას; მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მისმა ქადაგებამ პატრიარქობის პირველი დღიდან შეიძინა. საზოგადოებაში გავრცელდა ხმები, რომ ახალი პატრიარქი ამბიონიდან ჩვეულებრივი ადამიანისათვის გასაგებ ენაზე საუბრობს. ეს იყო შთამბეჭდავი სიახლე.
გახშირდა ღვთისმსახურება. მრევლისათვის ტაძარში ხშირი სიარულის მოტივაცია შეიქმნა. სიონის საკათედრო ტაძარში შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა, კათოლიკოს-პატრიარქი ყოველ ორშაბათს პარაკლისზე ლოცავდა ბავშვებს, სამშაბათობით კი, მცირე პარაკლისის შემდეგ, ქადაგებას წარმოთქვამდა სამი სასულიერო პირი, მათ შორის, ხშირად – თავად უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ტაძრის ეკვდერში მოეწყო სამკითხველო, გაიხსნა მედავითნეობისა და გალობის კურსები; შეიქმნა ფსალმუნთა ჯგუფები: თითო ჯგუფში იყო 20 ადამიანი, რომელთა შორისაც ნაწილდებოდა ფსალმუნთა 20 კანონი. თითოეულ მათგანს ყოველდღე უნდა წაეკითხა თითო კანონი და მოეხსენიებინა ჯგუფის დანარჩენი 19 წევრი. ამგვარად, ერთი ჯგუფი დღის განმავლობაში მთლიანად კითხულობდა ფსალმუნთა წიგნს, ხოლო წევრები იხსენიებდნენ ერთმანეთს. სეკულარულ, არაეკლესიურ საზოგადოებაში ეს იყო საერო პირთა საეკლესიო სივრცეში შემოყვანის ერთ-ერთი პირველი კონსტრუქციული, თანმიმდევრული მექანიზმი, რომელიც დღემდე ნაყოფიერად მოქმედებს. საბჭოთა საქართველოს რეალობაში, ეს იყო ეკლესიის გაძლიერების უპრეცედენტო შემთხვევა.
თბილისის სიონის ტაძარი, რომლის ეზოშიც მდებარეობდა საპატრიარქო რეზიდენცია, გახდა ეროვნული მოძრაობის ცენტრი, და პირველი ქართველი სტიქაროსნები სწორედ ამ მოძრაობის სულისჩადგმელნი და მომავალი ლიდერები იყვნენ. მათ ხშირი შეხვედრები ჰქონდათ კათოლიკოს-პატრიარქთან, რამაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს გამთლიანების რთულ პროცესში.
მოძღვრის ინსტიტუტი საბჭოთა პერიოდში იყო მეტად შეზღუდული და თითქმის აკრძალულიც. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იმთავითვე პირადად შეუდგა ურთულესი ამოცანის განხორციელებას – სულიერად დაუძლურებული ერიდან სასულიერო პირების გამორჩევას, კურთხევასა და მათ აღზრდას – სამოძღვრო ღვთისმეტყველებისა და აღსარების საიდუმლოს თეორიული და პრაქტიკული მხარის ახსნა-განმარტებას სასულიერო პირთათვის.
ცხადია, სარწმუნოებისაგან, ეკლესიური ცხოვრებისაგან გაუცხოვებულ საზოგადოებაში სასულიერო პირების რიცხვის ასეთ სწრაფ ზრდას, როდესაც მათ სულიერი აღზრდა ბავშვობიდან არ ჰქონდათ მიღებული, თან ახლავს შეცდომები, უძლურება და ეს პასუხისმგებლობა კათოლიკოს-პატრიარქმა იმთავითვე იტვირთა. ამითაა განპირობებული მისი გამორჩეული მიმტევებლობა. იგი დღემდე ცდილობს, არავინ დასაჯოს, არამედ თავად იტვირთოს სიმძიმე და ლოცვით გამოასწოროს სხვათა შეცდომები – დასჯა კი, თუ ეს აუცილებელია, უფალს მიანდოს.
1987 წელს დაიწყო ხატების მოგზაურობა ოჯახებში, რაც დღემდე გრძელდება. თავდაპირველად ეს იყო დიდი ზომის სამი ხატი სიონის საკათედრო ტაძრიდან. ყოველ კვირას მოძღვარი და მრევლი ერთი ოჯახიდან ხატს მეორე ოჯახში გადააბრძანებდა, რასაც მოჰყვებოდა სახლის კურთხევა. კვირის განმავლობაში ხატთან ოჯახის ერთი წევრი მაინც უნდა ყოფილიყო, ხოლო სახლის კარი – ღია მომლოცველთათვის. არ შეიძლებოდა სახლში ტელევიზორის ჩართვა და სიგარეტის მოწევა. სულ მალე მსურველთა გრძელი სიები შედგა.
შუა კვირაში დაინიშნა მრევლის დღე, როდესაც მოძღვარი და მრევლის წევრები ერთად იკრიბებოდნენ და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ეწეოდნენ. მრევლს დაევალა, აგრეთვე, სოციალურად დაუცველ ადამიანთა მოძიება და მათი სისტემატური მონახულება – იმ დროისათვის ეს რიცხვი მცირე იყო. მოგვიანებით ეს გადაიზარდა მშობლის ზრუნვას მოკლებული ბავშვების ქუჩიდან გამოყვანასა და მათთვის საგანგებო დასახლებათა შექმნაში. მსგავსი მოქმედებანი მანამდე წარმოუდგენელი იყო, რადგანაც, საბჭოთა კანონმდებლობით, ეკლესიას ქველმოქმედება ეკრძალებოდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II განსაკუთრებულად ზრუნავდა შვილგარდაცვლილი მშობლებისათვის, რომელთა რიცხვმა 90-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებით იმატა. პატრიარქის პირადმა თანაგრძნობამ მრავალ მათგანს სიცოცხლის მოტივაცია გაუჩინა და გაუძლიერა. სიონის საკათედრო ტაძარში ყოველ შაბათს საგანგებო წირვა დაინიშნა გარდაცვლილი შვილების მოსახსენებლად, ხოლო მოგვიანებით, 1994 წელს, ასეთი მშობლების დახმარებით, საპატრიარქოსთან გაიხსნა უფასო სასადილო. ის ყოველდღიურად რამდენიმე ასეულ ადამიანს კვებავდა, დღემდე მოქმედებს და ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. დღეისათვის ეკლესიაში მოქმედებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი “ლაზარე”, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა თავშესაფრები და სხვა საქველმოქმედო სტრუქტურები.
1978 წელს გამოვიდა ფერადი, ილუსტრირებული ჟურნალი “ჯვარი ვაზისა”, რომელიც თავდაპირველად წელიწადში ორჯერ იბეჭდებოდა; გამოქვეყნდა დილის, საღამოს და ზიარების ლოცვები, რომლებიც მაშინვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. 1979-88 წლებში საეკლესიო კალენდრებში დაიბეჭდა ლოცვები, ფსალმუნები, საღვთო წერილის ცალკეული თავები ძველი და ახალი აღთქმიდან, დიდი სჯულის კანონი, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეები და სხვა საღვთისმეტყველო ტექსტები. 1978 წელს დაფუძნდა პერიოდული გამოცემა “საღვთისმეტყველო კრებული”, რომელშიც იბეჭდებოდა თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული შინაარსის გამოკვლევები და თარგმანები.
ქართულ ენაზე ბიბლიის სრული ტექსტი მხოლოდ ხელნაწერებში არსებობდა ძველ ქართულ ენაზე. მე-19 საუკუნეში ბიბლია დაიბეჭდა, მაგრამ მისი ტექსტი იყო არასრული და მკითხველისათვის – ძნელად გასაგები. ამასთან, ეს წიგნი პრაქტიკულად არავის არ გააჩნდა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ბიბლიის მეცნიერულად დადგენილი ტექსტის გამომცემელთა ჯგუფი, რომლის მრავალწლიანი შრომის შედეგადაც 1989 წელს პირველად დაიბეჭდა ბიბლიის სრული ტექსტი ახალ ქართულ ენაზე.
1988 წელს – 800 წლის შემდეგ – საქართველოში გაიხსნა უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებელი – თბილისის სასულიერო აკადემია, რასაც მოგვიანებთ მოჰყვა სხვა უმაღლესი სასულიერო და საერო სასწავლებლების დაარსება მთელ საქართველოში.
1989 წლიდან გამოდიოდა გაზეთი “მადლი”, 1999 წლიდან კი – “საპატრიარქოს უწყებანი”. დღეისათვის ხელმისაწვდომია მრავალი სხვა რელიგიური ჟურნალ-გაზეთი თუ ინტერნეტ-საიტი.
1988 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იმოგზაურა ჯავახეთში, რომელიც საბჭოთა პერიოდში საზღვრისპირა დახურულ რეგიონად ითვლებოდა და იქ ყოფნა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეიძლებოდა. კათოლიკოს-პატრიარქი ამოეწერა თბილისიდან და ჩაეწერა ჯავახეთის სოფელ ფოკაში მუდმივ მაცხოვრებლად. ამის შედეგად საპატრიარქომ ამ სოფელში წმ. ნინოს სახელობის XI საუკუნის ტაძრის გვერდით შეიძინა სახლი, სადაც 1992 წლიდან ფოკის წმ. ნინოს დედათა მონასტერი მოქმედებს. ტბის ნაპირას 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა მონასტერი და აშენდა ტრაპეზი ღია ცის ქვეშ, სადაც, თითქმის 30 წელია, ყოველ 1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, ტარდება სადღესასწაულო წირვა და იწყება მორწმუნეთა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ნინოს გზაზე – ფარავნის ტბიდან მცხეთამდე, რომელიც დღემდე გრძელდება; ამ მსვლელობაში ასობით ადამიანს მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ამ მსვლელობაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბევრი მღვდელმთავარი, მღვდელი თუ ბერ- მონაზონი.
1991 წელს საქართველოს საპატრიარქოში დაარსდა მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, რამაც კათოლიკოს-პატრიარქის მისიონერულ მოღვაწეობას კიდევ უფრო მეტი გასაქანი მისცა.
სხვადასხვა დროს ლოცვითი მსვლელობები მოეწყო საქართველოს ეპარქიებში, 2000 და 2005 წელს კი ამ ჯგუფებმა ექვსი თვის განმავლობაში წმინდა ნინოსა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზებზე ფეხით საქართველოს ყველა რაიონი შემოიარეს; ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ათონიდან ჩამობრძანებულმა ზუსტმა ასლმა 2006-2007 წლებში მთელ საქართველოში იმოგზაურა. ამჟამად საქართველოში მოგზაურობენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების ზუსტი ასლები. ამ მოგზაურობების დროს მოინათლა და ეზიარა ათასობით ადამიანი, მრავალმა ასეულმა ახალგაზრდა თუ ასაკოვანმა წყვილმა ჯვარი დაიწერა, იკურთხებოდა სახლები, სოფლები და ქალაქები.
2001 წლიდან დღემდე ზაფხულის პერიოდში ჯავახეთში იმართება სტუდენტური ექსპედიციები, რომლებშიც მონაწილეობენ საერო უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტები. ამ ექსპედიციებში მონაწილეთაგან ბევრი ახალი ქრისტიანული ოჯახი შეიქმნა.
2002 წელს მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დააფუძნა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც მოაწყო 5 საერთაშორისო სიმპოზიუმი, სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, საგანმანათლებლო ლექციები, 5 სამეცნიერო ექსპედიცია; ცენტრი გამოსცემს მუდმივმოქმედ ჟურნალ “ლოგოსსა” და სხვა ლიტერატურას.
2002 წლიდან ეთერში გადის საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერია”, ხოლო 2008 წლიდან – საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”.
შეიქმნა და განვითარდა საეკლესიო ჰერალდიკა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება ავტორი საქართველოს საეკლესიო დროშისა, რომელზედაც წმინდა ნინოს ჯვარია გამოსახული, და ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშისა, რომელიც სახელმწიფო დროშად გამოცხადებამდე წლების განმავლობაში საეკლესიო დროშა იყო. ხუთი ჯვარი სიმბოლურად აღნიშნავს ხუთ ჭრილობას ქრისტეს სხეულზე, ხოლო სქელი და ვიწრო ლურჯი ხაზების შეერთება წმინდა ნინოს დროშაზე განასახიერებს კავშირს თაობათა შორის. კათოლიკოს-პატრიარქმა შექმნა საპატრიარქოს გერბიც.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II პირადად დადიოდა სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში, მათ შორის – სიკვდილმისჯილ პატიმრებთან. 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა, კათოლიკოს-პატრიარქის წინადადებით, მიიღო კანონი სიკვდილით დასჯის გაუქმებისა და ევთანაზიისა და მასში თანამონაწილეობის აკრძალვის შესახებ.
ევთანაზიის აკრძალვის კანონი, რომელმაც მრავალ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა, მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა.
2002 წელს ხანგრძლივი ერთობლივი მუშაობის შედეგად გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ასევე, დაიდო სხვა შეთანხმებები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროებთან.
საქართველოში განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნა ქრისტეშობის 2000 წლისთავი.
1999 წლის 25 დეკემბერს, თავისი ინტრონიზაციის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ქართველი ერის სახელით, წაიკითხა აღსარება 2000 წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, XX საუკუნეში ჩადენილი ცოდვების გამოც, და მთელ ერს შენდობა მიანიჭა.
2000 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის ღამეს, საიუბილეო წირვაზე, დიდ დელეგაციასთან ერთად იგი იმყოფებოდა იერუსალიმში, ბეთლემში, სადაც შეიკრიბა ყველა მართლმადიდებელი პატრიარქი და პრეზიდენტი.
საქართველოში აღდგა სახალხო ლოცვითი მსვლელობა “ალილო”, რომელიც 2000 წლიდან დღემდე განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნება.
2000 წლის 7 იანვარს, ალპინისტების დახმარებით, სადღესასწაულო წირვა ჩატარდა 4100 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარის ბეთლემის გამოქვაბულში, რომელიც პოეტურად აღწერილი აქვს წმინდა ილია მართალს, ჭავჭავაძეს, თავის პოემაში “განდეგილი”. გამოქვაბულში მცხოვრები ბერის დაცემა სიმბოლურად საქართველოს სულიერ მდგომარეობას განასახიერებდა, ამიტომ ქრისტეშობის 2000 წლისთავზე ამ გამოქვაბულში წირვის ჩატარებას და ღვთისმსახურების აღდგენას ქართველი ხალხისათვის განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა მიენიჭა. მანამდე, 1998 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით, მყინვარწვერის ფერდობზე, 4000 მეტრის სიმაღლეზე დაიდგა ყოვლადწმინდა სამების ალუმინის ტაძარი, რომელიც დღესაც მოქმედია.
მრავალი საუკუნის შემდეგ საქართველოში აღდგა წმინდანად შერაცხვის წესი, რომლის გარეშეც ავტოკეფალური ეკლესია სრულყოფილად ვერ იფუნქციონირებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივითა და წმინდა სინოდის თანხმობით, საქართველოში 1987 წლიდან დღემდე წმინდანებად შეირაცხნენ:
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე), წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე), წმ. აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმ. ალექსი ბერი (შუშანია), წმ. მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად, წმ. ნინოს მშობლები – ღირსი მამა ზაბულონი და ღირსი დედა სოსანა, თავდადებული მღვდელი წმ. თევდორე კველთელი, წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე, წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), წმ. ცოტნე აღმსარებელი (დადიანი), აჭარაში თურქთაგან წამებულნი მამანი და დედანი, წმ. მეფის, ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი წმ. პეტრე I, მისი შემდგომი კათოლიკოსი, წმ. მელქისედეკ I, სვეტიცხოვლის განმაახლებელი, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი სამუელ I, წმ. ზოსიმე II კუმურდოელი, კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი, წმ. მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი, წმ. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი), წმ. აბუსერიძე ტბელი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი), წმ. კირიონ II (საძაგლიშვილი) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მე-17 და მე-18 საუკუნეებში წმ. მოწამენი ქართველნი, სპარსეთში მოწყვეტილნი, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვარი წმ. გიორგი ჭყონდიდელი, ქუთათელი მიტროპლიტი წმ. დოსითეოზი (წერეთელი), გაენათელი მიტროპოლიტი წმ. ექვთიმე (შერვაშიძე), იმერეთის მეფე წმ. სოლომონ II, სამშობლოსათვის თავდადებული, წმ. მოწამე მეფე ვახტანგ III, სამშობლოსათვის თავდადებული, წმ. დიმიტრი (ყიფიანი), სამშობლოსათვის წამებული; 1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი წმ. მოწამენი: გიორგი გურამიშვილი, მამა-შვილნი კაკაბაძეები, 300 არაგველი და სხვა გმირები – საერო და სასულიერო პირები; 1625 წ. მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირულნი წმ. მოწამენი 9 ძმა – ხერხეულიძე, მათი და და დედა, 9000 მხედარი და მათი მხედართმთავარნი; წმ. მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; წმ. აღმსარებელნი ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიევქტო და მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილები; წმ. მღვდელმოწამენი დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები; წმ. ფილიმონ ქორიძე, ერისათვის თავდადებული; წმ. მღვდელი მიხეილ-მიქაელ (ყულოშვილი), რწმენისთვის თავდადებული; ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე), აღმსარებელი და სალოსი; წმ. იოანე I, მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად ივერიისა; კვართისმიმრქმელ წმ. სიდონიას დედა, მაცხოვრის ჯვარცმის ჟამს მცხეთას ვნებული და პირველმარტვილი; წმ. პეტრე აღმსარებელი (ხმალაძე); ღირსი ნინო (ამილახვარი), სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებელი; ღირსი ნინო (ამილახვარი), სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია; ღირსი თამარ აღმსარებელი (მარჯანიშვილი); წმ. კეთილმსახური მეფე ბაგრატი, საქართველოს გამაერთიანებელი; წმ. კეთილმსახური მეფე სოლომონ I; წმ. კალისტრატე (ცინცაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ეკლესიის გაძლიერებას მოჰყვა აღმშენებლობის მძლავრი პროცესი. ტრადიციული ხუროთმოძღვრების აღსადგენად და მასთან შესაბამისი ახალი მხატვრული ფორმების დასამკვიდრებლად უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 1988 წელს შექმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო ხუროთმოძღვრების საბჭო, რომლის საფუძველზე 2003 წელს დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი. იგი დღესაც ქმნის, განიხილავს და ამტკიცებს ხუროთმოძღვრებისა და სახვითი ხელოვნების პროექტებს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად კულტურულ მემკვიდრეობას იცავს.
აშენდა, განახლდა და აღდგა შემდეგი ტაძრები და მონასტრები:
თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი და ლავრა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი და მონასტერი მახათას მთაზე, აბასთუმანი, ალავერდი, ალპანა, ამბროლაური, ანაგა, ანაკლია, ანანური, ანჩისხატი, არბო, აჭი, არდოტი, არხილოსკალო, ასურეთი, ატენის სიონი, ატოცი, აწყური, აჩხოტი, ახალქალაქის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი, ბაგრატი, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი, ბაკურიანი, ბალანთა, ბარაკონი, ბარალეთი, ბარისახო, ბაღდათი, ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე, ბოდბე, ბოდორნა, ბოლნისის სიონი, ბორჯომი, ბოჭორმა, ბრეთა, ბუკნარი, გავაზი, გარდაბანი, გელათი, გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი, გომარეთი, გორდა, გორის ღვთისმშობლის ტაძარი, გრემი, გუდარეხი, გურიის უდაბნო, გურჯაანის ყოვლადწმინდა, დავითგარეჯი, დარიალის მონასტერი, დედოფლისწყარო, დვაბზუ, დილიკაური, დმანისის სიონი, დუბე, დუშეთი, ერთაწმინდა, ეცერი, ვალე, ვანი, ვანის ქვაბები, ვარძია, ვაქირი, ზარზმა, ზეგაანი, ზედა ვარძია, ზედაზენი, ზემო ქედი, ზესტაფონი, ზორვეთი, ზუგდიდი, თამარისი, თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი, თიანეთი, თეკლათი, თერჯოლა, იენაში, ითხვისი, ივლიტა, იკორთა, ილორი, იტრია, იფარი, იყალთო, კაზრეთი, კასპი, კაცხი, კახთუბანი, კახი, კვეტერა, კოთელია, კომანი, კორბოული, კორცხელი, კუმურდო, ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, ლაგურკა, ლამარია, ლანჩხუთი, ლარგვისი, ლასურიაში, ლატალი, ლაღამი, ლახამულა, ლენტეხი, ლიხაური, ლომისა, მათხოჯი, მანგლისი, მარაბდა, მარნეული, მარტვილი, მარტყოფის ღვთაება, მაცხოვრის კარი, მენჯი, მეტეხი, სოფ. მეტეხი, მოქვი, მოწამეთა, მღვიმევი, მყინვარწვერის ყოვლადწმინდა სამების ალუმინის ტაძარი, მცხეთის ანტიოქია, მცხეთის წმ. სტეფანე პირველწოდებულის ეკლესია, მცხეთის ჯვარი, მწვანე მონასტერი, ნაბოსლევი, ნაგუთი, ნადოკრა, ნაკრა, ნაკურალეში, ნარიყალა, ნატახტარი, ნეკრესი, ნეძვი, ნიკორწმინდა, ნინოწმინდა, ნინოწმინდა, ნიქოზი, ნორიო, ნოქალაქევი, ნუნისი, ოზაანი, ოზურგეთი, ოკამი, ონი, ორბელი, ორთუბანი, პატარძეული, პტენა, ჟალეთი, რაბათი, რატევანი, რეხა, როდინოული, როშკა, რუისი, რუსთავის სიონი, რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარი, საბუე, საგარეჯო, სადგერი, სამთავისი, სამტრედია, სამწევრისი, სარკე, საფარა, საქასრია, საღამო, საჩხერე, სენაკი, სეტი, სიმონეთი, სოფ. სიონი, სიღნაღი, სნოს კომპლექსი, სურამი, სუხჩა, სუჯუნა, სხალთა, სხვიტორი, ტაბაკინი, ტიმოთესუბანი, ტყემლოვანი, ტყიბული, უბისა, უდე, უდერბი, ულუმბო, ურბნისი, უფლისციხე, უწერა, უჯარმა, ფარი, ფასანაური, ფეხშარი, ფიტარეთი, ფოთის საკათედრო ტაძარი, წმ. ნინოს ფოკის მამათა და დედათა მონასტრები, ფუთი, ქარელი, ქედა, ქვაბისხევი, ქვათახევი, ქვიშხეთი, ქობულეთი, ქოზიფა, ქუტირი, ყაზბეგი, ყინწვისი, ყულიშკარი, შემოქმედი, შილდა, შიომღვიმე, შუამთა, შუახევი, შქმერი, ჩარგალი, ჩოხატაური, ჩუნჩხა, ჩხარი, ჩხოროწყუ, ცაგერი, ცაიში, წალენჯიხა, წვირმი, წილკანი, წინამძღვრიანთკარი, წრომი, წუღრუღაშენი, ჭორვილა, ჭრებალო, ჭუბერი, ჭულევი, ჭყონდიდი, ხაიში, ხარაგაული, ხაშმი, ხერთვისი, ხვილიშა, ხიზაბავრა, ხინო, ხირსა, ხობი, ხონი, ხორნაბუჯი, ხოსპიო, ხოფური, ხულო, ხცისი, ჯიხეთი, ჯრუჭი, ჯუმათი, ჰერეთის ანუ საინგილოს ტაძრები, ჰუჯაბი და სხვა მრავალი ასეული მთისა და ბარის სალოცავი, რომელთა მადლითაც დგას საქართველო და რომელთა სათითაოდ აქ ჩამოთვლა წარმოუდგენელია.
საქართველოს ისტორიაში პირველად დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები მის ფარგლებს გარეთ: დასავლეთ ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის, ბელგიისა და ჰოლანდიის, გერმანიისა და ავსტრიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიისა, რომელთაც აქვთ სამრევლოები შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ჰოლანდია, გერმანია, ავსტრია, აშშ, კანადა და სხვ.
გარდა ამისა, გაიხსნა წმ. ილიასა და ენუქ წინასწარმეტყველთა სახელობის ქართული კერები ქ. იერუსალიმში და წმ. გიორგის სახელობის ქართული კერა ქ. ლოდში. კვიპროსზე ღალიის მე-10 საუკუნის ქართულ მონასტერთან საქართველოს საპატრიარქოს 2.3 ჰა მიწა გადაეცა ახალი სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად. უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საგანგებოდ შეიქმნა ღალიის ღვთისმშობლის ხატი. კვიპროსზე მთავარ საკათედრო ტაძარში საკურთხევლის ტრაპეზი თბილისის წმინდა სამების ტაძრის ტრაპეზის ზუსტი ასლია და საქართველოს ეკლესიის ძღვენია.
ქართველი ბერები მოღვაწეობენ ათონის წმინდა მთაზე სხვადასხვა მონასტრებში.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებას ანიჭებდა.
იგი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პროფესორი, აგრეთვე, მრავალი ქვეყნის სასულიერო აკადემიების ღვთისმეტყველების დოქტორი. მისი ლოცვა-კურთხევით, 1995 წელს, მოკრძალებული ძალების შესაბამისად, აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლებლებში დღეს ათასობით ახალგაზრდა სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. აღდგა ტრადიცია ხუთშაბათობებისა, რომელიც წმ. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ დააფუძნა. ყოველ ხუთშაბათს კათოლიკოს-პატრიარქი საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლებს სასაუბროდ იწვევდა. ერთ-ერთმა ასეთმა შეხვედრამ ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე მორის ფოცხიშვილი სიკვდილს გადაარჩინა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1980-იანი წლების დასაწყისში მოიხატა დიდუბისა და სიონის ტაძრები, რითაც საფუძველი დაედო ქართული ხატწერის აღორძინებას. დიდუბის ეკლესიის კედელზე წმ. მეფე თამარის ხატი თავად შექმნა. მანვე, შექმნა შემდეგი ხატები: წმ. გიორგი, წმ. ვახტანგ გორგასალი, წმ. მთავარანგელოზი მიქაელი, წმ. მთავარანგელოზი გაბრიელი, ღვთისმშობელი, წმ. სამება, წმ. დავით წინასწარმეტყველი, წმ. სოლომონ მეფე, უფალი საბაოთი და მრავალი სხვა ხატი და ნახატი. მისი ლოცვა-კურთხევით, 1980-იანი წლებიდან აღდგა და განვითარდა უძველესი ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქარი. მოგვიანებით შეიქმნა სახელოსნო “ფოკანი“, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
განვითარდა კალიგრაფია, ხელით გადაიწერა და მინიატიურებით შეიმკო დიდი ზომის უნიკალური სახარება, რომელიც წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ინახება და სხვ. კალიგრაფიის განვითარებამ წარმოაჩინა, რომ ქართული ანბანის სამივე სახე – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ეკლესიის წიაღში დღესაც ცოცხალი და აქტუალურია.
შეიქმნა ჭედურობის, ხატ-გობელენების ქსოვისა და თექის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები.
აღდგა და განვითარდა ქართული საეკლესიო ნაქარგობა. ხელით მოიქარგა პატრიარქის შესამოსელი, სამების ტაძრის დიდი დაფარნები და მრავალი სხვა ნივთი, რომლებიც სამუზეუმო ღირებულების მაღალი ხელოვნების ნიმუშებია. ქარგვის პირველი სახელოსნო საქართველოს საპატრიარქოში 1986 წელს გაიხსნა და მასში ოთხი ახალგაზრდა თანამშრომელი იყო, რომლებიც შემდეგ მონაზვნები გახდნენ. ხელში ნემსის სწორად დაჭერა და ქარგვის მრავალფეროვნება მათ კათოლიკოს-პატრიარქმა პირადად ასწავლა.
აღდგა მივიწყებული ქართული გალობა. 40 წლის წინ საქართველოს ტაძრებში ევროპული და რუსული ყაიდის საგალობლები სრულდებოდა. პატრიარქობის პირველივე დღიდან უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ქართველ კომპოზიტორებს შეუკვეთა ლიტურგიკული და სხვა შინაარსის საგალობლები, ხოლო მოგვიანებით ანჩისხატის მგალობლების თაოსნობით აღდგა უძველესი ქართული გალობა, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, ყველა ქართულ ტაძარში სრულდება.
პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა შექმნა უკვდავი საგალობლები: “წმინდაო ღმერთო”, “მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი”, “გიხაროდენ, ფრიად შვენიერო“, “უფალო, შეგვიწყალენ”, “ისპოლა-ეტი-დესპოტა“, “მამაო ჩვენო “, “წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი”, “მოდი ჩემთან, უფალო”, “დიპტიქი”, მიცვალებულთა კვერექსი, “კირიე-ელეისონ“, “ალილუია”, ევქარისტიული კანონი და სხვა მრავალი.
ბოლო დროს მათ დაემატა საგალობლები ლათინურ ენაზე: “ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ” ანუ “ავე-მარია“, “ტარიგი ღვთისა” ანუ “აგნუს-დეი“, “წმინდა არს,” ანუ “სანქტუს” და სხვანი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.
კათოლიკოს-პატრიარქის ხელშეწყობით აღდგა და განვითარდა საეკლესიო სამეურნეო საქმიანობა. აღორძინდა და განვითარდა მეაბრეშუმეობა, გავრცელდა ხორბლის ქართული ჯიშები. ეპარქიებში და მონასტრებში აღდგა ღვინის დაყენების ტრადიცია და ძველი მარნები; დაწყო სხვადასხვაგვარი საეკლესიო ღვინის წარმოება, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებას. ყველა ეპარქიაში მეტ-ნაკლებად დასაქმებულია მოსახლეობა და მრევლი, რაც მინიმალური საეპარქიო ხარჯის დაფარვის საშუალებას იძლევა. დიდი ყურადღება ექცევა გამწვანებას.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთებით ლოცულობს და ზრუნავს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთათვის. ესენი არიან ინგილოები, ფერეიდნელები, ლაზები და თურქეთში მცხოვრები სხვა ქართველები, ძველ თუ თანამედროვე ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეები ევროპაში, ამერიკაში და სხვაგან. მისი ლოცვა-კურთხევით 1992 წელს პირველად ჩატარდა ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა და სამშობლოსაგან მოწყვეტილი მრავალი ადამიანის დაბრუნების საფუძველი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილი და მეგობრული ურთიერთობა ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან, რაც ტოლერანტობის უნიკალური მაგალითია.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს: სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მრავალი წელია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ყველაზე დიდ ნდობას სწორედ მას უცხადებს.
უწმინდეს და უნეგტარეს ილია II-ს იცნობენ და აფასებენ მთელ მსოფლიოში. პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში ის პირადად შეხვედრია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და გავლენიან პიროვნებებს – მართლმადიდებელ პატრიარქებს, სხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული რელიგიების ლიდერებს, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს, მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს – ლეგენდარულ პიროვნებებს, რომელთა სრულად ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. აზერბაიჯანის რელიგიური ლიდერი, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე – შეიხ ულ-ისლამ ჰაჯი ალაჰ-შუქურ ფაშა-ზადე – მას ხშირად თავის მოძღვარსაც კი უწოდებს.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II პირადად იცნობს თავისი მრავალათასიანი სამწყსოს უდიდეს ნაწილს. საბჭოთა მმართველობის პერიოდში სასულიერო პირებს, გამსაკუთრებით, კათოლიკოს-პატრიარქს საზოგადოებასთან ურთიერთობა უკიდურესად შეზღუდული ჰქონდა. დღეს კი, უკანაკნელ დრომდე, სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, მასთან შეხვედრა ნებისმიერ ადამიანს დაუბრკოლებლად შეეძლო. გარდა იმისა, რომ პირადად ჰყავს დალოცვილი ყველა თავისი ნათლული, რომელთა რიცხვი მალე 35 ათასს გადააჭარბებს, იგი დღესაც უამრავ ადამიანს ხვდება. ასეთ მამათმთავართა რიცხვი ეკლესიაში დიდი არ იყო. ასეთი იყო წმ. ამბროსი მედიოლანელი, ასეთი იყო ალექსანდრიის პატრიარქი წმ. იოანე მოწყალე, რომელთა შესახებ ისტორიამ შემოგვინახა ცნობა, რომ ისინი ყველა მსურველს დაუბრკოლებლად ხვდებოდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქი ეხმაურება ყველა მნიშვნელოვან მოვლენას და ქრისტიანულად აფასებს მათ, რითაც, თავის მხრივ, ერთვება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს საეგზარქოსოში სულ ხუთიოდე ეპარქია იყო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეპარქიათა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, თუმცა მათი უდიდესი ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაუქმდა.
1977 წლის 25 დეკემბრისათვის, როდესაც ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა, მხოლოდ 6 ეპარქიას ჰყავდა მღვდელმთავარი, რომელნიც მსახურებას, ძირითადად, თბილისის ტაძრებში აღასრულებდნენ; მთელ საქართველოში მოქმედებდა 48 ტაძარი, 2 მონასტერი – სამთავროსი და წმ. ეკატერინესი (ოლღასი); ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ იყო საღვთო წერილი, ლოცვანი და სხვა სასულიერო ლიტერატურა, რის გამოც მორწმუნენი მათ ხელით იწერდნენ; არ არსებობდნენ ქართველი სტიქაროსნები. ჯერ კიდევ 1987 წელს, როდესაც თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 10 წლის იუბილე აღინიშნა, მისალოცად ჩამოსული საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება სიონის ტაძრის ამბიონზე ეტეოდა.
დღეს კი, 40 წლის შემდეგ, 2017 წლის 25 დეკემბრისათვის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის 49 ეპარქია, რომელთაგან, ისტორიაში პირველად, 7 ეპარქია – საქართველოს ფარგლებს გარეთაა. 47 მღვდელმთავარი, 3500-მდე სასულიერო პირი, 400-მდე მოქმედი მონასტერი, 1500 მოქმედი ტაძარი; თითქმის ყველა წირვა-ლოცვაში, სასულიერო პირების გარდა, მონაწილეობენ სტიქაროსნები და ეს მაჩვენებლები მუდმივად იზრდება; განახლდა სასულიერო განათლების კერები, რომლებიც ლეგენდებად ქცეულ ძველ ისტორიულ სახელწოდებებთან ერთად თანდათან იბრუნებენ სწავლის უმაღლეს ხარისხს:
დღეს მოქმედებს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია, გელათის მეცნიერებათა აკადემია, ქრიასტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ახალქალაქის წმინდა ნინოს საღვთისმეტყველო სამაგისტრო მისიონერული სასწავლებელი სასულიერო პირთათვის, ხალხური სიმღერების უმაღლესი სკოლა თბილისში, სასულიერო სემინარიები ახალციხეში, ბათუმში, გრემში, ცაგერში; სასულიერო გიმნაზიები და პროფესიული სკოლები თითქმის ყველა ეპარქიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი თბილისში, წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი ზემო აჭარაში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი ფოთში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი თბილისში და სხვ.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი პირადად კათოლიკოს-პატრიარქის მიერაა ნაკურთხი.
ყველაფრის სათითაოდ აღწერა შეუძლებელია. კიდეც რომ შეიძლებოდეს იმის აღწერა, რაც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში თავისი სამწყსოს უფალთან მისაყვანად იღვაწა, ერთ ადამიანს ამ ნაწერის წასაკითხად იმდენივე დრო დასჭირდებოდა, რაც თვით ამ საქმეების აღსრულებას მოხმარდა, რადგანაც მისი მამათმთავრობის ყოველი წუთი ლოცვითა და ზრუნვით იყო განმსჭვალული და თითოეული ეს საქმე მისი წინასწარი პირადი შრომისა და გადაწყვეტილების შედეგია.
არსებობს ლეგენდა ჭადრაკის გამოგონების შესახებ: ინდოეთის მეფე შერამმა დაიბარა ჭადრაკის გამომგონებელი ბრძენი და, მადლიერების ნიშნად, თავისი უსაზღვრო სალაროდან ნებისმიერი თანხის გადახდა აღუთქვა. მცირედი ფიქრის შემდეგ ბრძენმა, ერთი შეხედვით, მოკრძალებული საჩუქარი აირჩია. მან ჭადრაკის დაფა მოატანინა და მეფეს სთხოვა, მისთვის ყოველი უჯრის შესაბამისად ხორბლის მარცვლები მიეცა – თითოეული უჯრისათვის ორჯერ მეტი, ვიდრე წინასათვის: პირველი უჯრისათვის – ერთი, მეორე უჯრისათვის – ორი, მესამისათვის – ოთხი, მეოთხისათვის – რვა და ასე – 64-ვე უჯრისათვის. გულუხვ მეფეს მოეჩვენა, რომ ბრძენმა მისი მოწყალება ვერ დააფასა, რამაც ის გაანაწყენა კიდეც, მაგრამ, როდესაც მრავალსაათიანი გამოთვლების შედეგად დასახელებული რიცხვი მხოლოდ სავარაუდოდ დაადგინეს: ეს არის 2 64-ე ხარისხში (264) და სიდიდის გამო მისი მნიშვნელობის ციფრებით გამოსახვა შეუძლებელია: აღმოჩნდა, რომ ხორბლის ეს რაოდენობა დედამიწის მთელ ზედაპირს ერთი მეტრის სისქეზე დაფარავდა. ალბათ, ასეთი შინაარსი იგულისხმა წმ. იოანე ღვთისმეტყველმა, როდესაც ბრძანა, რომ დედამიწა აღწერილ წიგნებს ვერ დაიტევდა.
მაგრამ გეომეტრიულ პროგრესიას აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება: მისი ყოველი ახალი წევრი მეტია ყველა წინა რიცხვის ჯამზე. მაგალითად, 4 მეტია 1+2-ზე, 8 მეტია 1+2+4-ზე და ასე შემდეგ. ეს სქემაც სახარებისეულ ტალანტებზე მოყვანილ იგავშია მოცემული, სადაც უფალი კეთილგონიერ, სანდო ადამიანს ასე მიმართავს:
“კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ” (მათე 25.21).
თუ “მრავალსა ზედა დადგინებული მონა” კვლავ კეთილგონიერებას გამოიჩენს და ნდობას დაიმსახურებს, უფალიც მას უფრო “მრავალსა ზედა” დაადგენს, ზრდის სიდიდე კი პიროვნების მასშტაბზეა დამოკიდებული. კეთილგონიერი ადამიანის ყოველი ახალი ნაბიჯი ყველა წინა გადაწყვეტილებასა და ნაბიჯს მოიცავს და, შესაბამისად, მეტია მათს ჯამზე.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ გადადგმული თითოეული ახალი ნაბიჯი, მის მიერ აღსრულებული კიდევ ერთი კეთილი საქმე, მისი მორიგი ღვაწლი ხდება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და მუდმივად აჭარბებს წინა სულიერი შრომის ყველა ნაყოფის ჯამს.
ამისი ერთ-ერთი ნათელი, თვალსაჩინო მაგალითია მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პირადი დაბეჯითებული მოთხოვნითა და წმინდა სინოდის წევრთა ერთსულოვანი თანხმობით მოხდა. ეს იყო მორიგი ნაბიჯი, რომელიც წინა კანონიზაციებს ეფუძნებოდა და დღეს მამა გაბრიელის წმინდანად აღიარება არნახული სისწრაფით იზრდება მთელს მართლმადიდებელ სამყაროში. სამების ტაძარში მისი წმინდა სხეულის გადმოსვენებისას მომლოცველთა სადღეღამისო რიგი რამდენიმე თვის განმავლობაში არ შეწყვეტილა. საქართველოსათვის ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ ერთმა ადამიანმა – მამა გაბრიელმა შეცვალა მთელი საქართველო.
ადამიანის სიდიადის სრულად დასანახავად საჭიროა არანაკლები ან უფრო მეტი სიდიადე. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მამა გაბრიელის პიროვნება დაინახა მაშინ, როდესაც ის იყო დევნილი, გვემული და ადამიანთაგან შეურაცხყოფილი. შეიწყნარა იგი, განწმინდა, როგორც ტალახში ჩავარდნილი მარგალიტი და მთელ მსოფლიოს დაანახვა მისი ბრწყინვალება.
და თუკი დღეს დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომლის შესახებაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან, ერთმა ადამიანმა, განვლილი 40 წლის განმავლობაში შეცვალა მთელი საქართველო – და არა მხოლოდ საქართველო – ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მის მიერ ნაკურთხ წმინდა სინოდთან და სამღვდელოებასთან ერთად, ამინ!
მრავალჟამიერ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!
და, ბოლოს, როგორ შეიძლება, შეფასდეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 40-წლიანი მოღვაწეობა?
იგი არის აღმსარებელი და მოწამე:
როგორც სასულიერო პირს, ცხოვრება და მოღვაწეობა მას უხდებოდა ათეისტური საბჭოთა რეჟიმის პირობებში, როდესაც მის თავისუფლებასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგალითად, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, მან დაგმო 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეჭრა, რითაც საბჭოთა ცენტრალური ხელისუფლება ძლიერ განარისხა; 1983 წელს თბილისში მომხდარი თვითმფრინავის გატაცების მცდელობის წახალისება ეკლესიას დაჰბრალდა. ეს იყო მორიგი პროვოკაცია ეკლესიის მიმართ. მიუხედავად პირადი საფრთხისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეწყალების თხოვნით ცენტრალურ საბჭოთა მთავრობას წერილობით მიმართა და ეს – ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ეკლესიას დევნიდნენ და საბჭოთა ხელისუფლების პირველი პირები კათოლიკოს-პატრიარქს პირადად არ ხვდებოდნენ. მათ თხოვნა არ შეისმინეს და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
იგი არის მლოცველი:
მან შეთხზა მრავალი ლოცვა, მათ შორის: ლოცვა ყოვლადწმინდა სამებისადმი, რომელიც მან სინას წმინდა მთაზე ფეხშიშველა ასულმა წარმოთქვა; ლოცვა წმინდა გიორგისადმი, რომელსაც მან ქართველი ერი შეავედრა; ლოცვა წმინდა ნიკოლოზისადმი, რომელსაც სთხოვა, ყოფილიყო სრულიად საქართველოს უპირველესი კათოლიკოს-პატრიარქი და სხვ. ამ ეპოქალური ლოცვების ტექსტები გამოქვეყნებულია. მისი კურთხევით, ისტორიკოსებმა შეადგინეს საქართველოს პატრიარქებისა და მეფე-დედოფალთა სია, და მათ ეკლესია ყოველდღიურად იხსენიებს.
1999 წლის 25 დეკემბერს მან წაიკითხა აღსარება ქართველი ერის სახელით და თავის სამწყსოს – სრულიად საქართველოს – მიუტევა 2000 წლის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები.
საქართველოში აღდგა შვიდგზის ლოცვის უძველესი ტრადიცია, რაც, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თქმით, უმთავრესია განვლილ 40 წელიწადში აღსრულებულ საქმეთა შორის.
იგი არის მმარხველი:
გარდა პირადი მკაცრი მარხვისა, ამ 40 წლის განმავლობაში, მან მრავალგზის მოუწოდა სასულიერო პირებსა და მთელ მრევლს, ამა თუ იმ განსაცდელის ჟამს, განსაკუთრებული მარხვისაკენ და პირადად თვითონაც აღასრულა ის.
იგი არის მღვიძარე:
პირად დასვენებასა და ძილს მთელი ცხოვრების მანძილზე მეტად მცირე დროს უთმობდა;
იგი არის უვერცხლო მკურნალი:
ცნობილია მრავალი შემთხვევა, როდესაც მისი ლოცვით სხვადასხვა ასაკის ადამიანები სხვადასხვა სენისაგან განკურნებულან. მაგალითისათვის საკმარისია ქართველი სახალხო მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონი კახი კავსაძის სასწაულებრივი განკურნება ონკოლოგიური დაავადებისაგან, რომელსაც იგი პირადად დღემდე ხშირად ჰყვება;
იგი არის მოწყალე:
როგორც აღინიშნა, მისი ინიციატივით, 1997 წლიდან საქართველოში აიკრძალა სიკვდილით დასჯა და ევთანაზია. მანამდეც და მერმეც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გამუდმებით ზრუნავდა პატიმრებსა და სოციალურად დაუცველ სხვა ადამიანებზე. საპატრიარქოსთან არსებულმა უფასო სასადილომ წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა;
იგი არის მშვიდობისმყოფელი, მხარეთა შემრიგებელი, რამაც ჩვენი ქვეყანა მრავალგზის იხსნა განსაცდელისაგან;
იგი არის სამშობლოსათვის მზრუნველი და თავდადებული:
მრავალწლიანი შრომის შედეგად მან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარება მოუტანა.
სამშობლოსათვის საკუთარი სიცოცხლე მას სასწორზე არაერთხელ დაუდვია. მაგალითისათვის საკმარისია, გავიხსენოთ 9 აპრილი, აფხაზეთი და სამაჩაბლო, მისი პირადი მონაწილეობა 2008 წლის ომის შეჩერებასა და დაუმარხავ მიცვალებულთა გადმოსვენებაში. ერთ-ერთ მათგანს მან საკუთარი ანაფორა გადააფარა.
კათოლიკოს-პატრიარქი გამუდმებულად ზრუნავს ერის გამთლიანებისა და გამრავლებისათვის. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ყოველ სადღესასწაულო წირვაზე იგი ლოცავს გვარებს, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოვებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სრულიად ახალი და უნიკალური ინიციატივა, რომელიც მრავალშვილიანობის ძლიერი სტიმულია. ბოლო რამდენიმე წელია უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხდება ოჯახის ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის ნათლია, რამაც საქართველოში შობადობა საგრძნობლად გაზარდა და დემოგრაფიული სურათი შეცვალა. საქართველოში თანდათან ჩამოყალიბდა მრავალშვილიანობის განწყობა. დღეისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულთა რიცხვმა 35 ათასს მიაღწია.
იგი არის განმანათლებელი:
მისი პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე დაიბეჭდა ბევრად უფრო მეტი საღვთო წერილი და სხვა სასულიერო ლიტერატურა, ვიდრე საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, ერთად აღებული. ამის შესახებ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ მის პირად დამსახურებაზე მეტად ეს თანაფარდობა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის შედეგია. ცხადია, რომ დღეს არსებობს ბეჭდვის ბევრად მეტი საშუალება, ვიდრე ადრე, და ეს ყველგან ასეა, მაგრამ, სხვა ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ქართულ ენაზე ბიბლია და სხვა სასულიერო ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა და, როგორც ითქვა, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პატრიარქობის 40 წლის განმავლობაში დაიბეჭდა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ერთად აღებული.
მისი ლოცვა-კურთხევით საქართველოში მოქმედებს სხვადასხვა საფეხურის სასულიერო და ეკლესიის მფარველობაში მყოფი საერო სასწავლებლები; ჯერ კიდევ 1987 წელს, აღსაყდრების 10 წლის იუბილეზე წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა მის საკვირაო ქადაგებებს უნივერსიტეტი უწოდა. ეს იყო სავსებით სამართლიანი შეფასება, რადგან ამ ქადაგებებში სხვადასხვა დროს დღემდე, პრაქტიკულად, ყველა საყოფაცხოვრებო თუ საღვთისმეტყველო საკითხი განიხილება.
იგი არის შემოქმედი:
ამისი მაგალითებია საუკეთესო ნაწარმოებები მუსიკაში, დაზგურსა თუ მონუმენტურ ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლანდშაფტის დიზაინში და სხვ. მისი საგალობელი – “წმინდაო ღმერთო” – თითქმის ოთხი ათეული წელია, რაც პრაქტიკულად ყოველ ტაძარში ყოველ წირვაზე იგალობება.
დიდი წმინდა მარხვის დაწყების წინ, შენდობის კვირას, 40 წელია კათოლიკოს-პატრიარქი მთელი ერის წინაშე წარმოთქვამს საჯარო აღსარებას, სადაც ასახელებს თავის ცოდვებს, შეცდომებს, უძლურებას და მრევლისაგან, ქართველი ხალხისაგან ითხოვს შენდობას. ეს მონანიება არ არის ფორმალური, რადგანაც დიდ საქმეებს, სამწუხაროდ, დიდი შეცდომებიც ახლავს. იგი დღემდე განიცდის და პირად უძლურებად აღიქვამს 40 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა იმ შემთხვევას, როდესაც მას არ ეყო ძალა, წინ აღსდგომოდა ბოროტებას; განიცდის, რომ მოუწია სასულიერო პირების განკვეთა, რომელთა შორის იყვნენ: მეუფე ნიკოლოზ მახარაძე, მეუფე იოანე ანანიაშვილი, მეუფე შიო ავალიშვილი, მეუფე ამბროსი ქათამაძე და სხვ.; განიცდის ადამიანთა თვითმკვლელობის თითოეულ შემთხვევას, განიცდის დედის მუცელში ბავშვების მკვლელობას, განიცდის ჭეშმარიტი ზნეობრივი ღირებულებების ნაცვლად ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას, ვინაიდან დაკანონებული ცოდვა დანაშაულია; განიცდის უდიდეს სირცხვილს, როდესაც საჯაროდ მსჯელობენ ადამიანთა პირად ცოდვებზე.
როდესაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შედის ნებისმიერ ხალხმრავალ დარბაზში, საქართველოში მთელი დარბაზი ფეხზე დგება. დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი პიროვნება არ ყოფილა. ასეთი იყო ილია, ასეთი იყო აკაკი, ასეთი იყო ექვთიმე, ასეთი იყო მამა გაბრიელი, რომლის წინაშეც მთელი ტაძარი იჩოქებდა. ასეთია ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და ქვეყანა ბედნიერია, როდესაც ჰყავს ასეთი ადამიანი.
ამ ჩამონათვალის თითოეული პუნქტი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდროს. ყოველივეს ერთად კი ჰქვია ერთი სახელი:
ქრისტეს 12 მოციქულიდან საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა წმ. ანდრია პირველწოდებულმა, წმ. სვიმონ კანანელმა და წმ. მატათამ. წმ. ნინოს ქადაგების შედეგად საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს არის ბოლო ჟამის ახალი მოციქული უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!