პატრიარქი - მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია
მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, მაია გოიკოვიჩთან და მის თანმხლებ პირებთან შეხვედრისას განაცხადა. საპატრიარქოში შეხვედრას ასევე ესწრებოდა სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ ბულიატოვიჩი და საქართველოს ელჩი სერბეთში იოსებ ნანობაშვილი.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აღნიშნა, რომ სერბეთსა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ და ასეთ ვითარებაში მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების თანადგომა ერთმანეთისადმი.
„ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი უფრო მეტად შეკრავს ურთიერთობას საქართველოსა და სერბეთს შორის. მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია. ამას მოჰყვა ეს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და სხვა რეგიონები, რომელიც იყო 20% საქართველოს ტერიტორიისა.
ასე რომ, ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამიტომ, დახმარება და თანადგომა აუცილებელია.
ვფიქრობ, მუდამ ასე ვერ გაგრძელდება და ეს უნდა იყოს გამოსწორებული საერთაშორისო ძალების მიერ. ვფიქრობ, ეს მომავალში შესაძლებელი გახდება“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა. მან დალოცა სერბეთის რესპუბლიკის დელეგაცია და სერბ ხალხს წარმატება უსურვა.
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე მაია გოიკოვიჩმა მადლიერებით აღნიშნა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს კოსოვოსა და მეტოქიის აღიარებას და სერბეთიც, თავის მხრივ, ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაია გოიკოვიჩმა მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისთვის და ჩვენი ქვეყნების უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი და იმედი გამოთქვა.
ასევე, საპატრიქროს ინფორმაციით, რაც შეეხება ანატოლი ბიბილოვის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის საკითხს, ამ თემაზე გოიკოვიჩმა ცალკე საუბარში განაცხადა, რომ იგი არ არის სათანადოდ ინფორმირებული, თუმცა თავისთავად, ეს ფაქტი მიუღებელია, როგორც პირადად მისთვის, ისე სერბეთის ხელისუფლებისთვის.
„თავის მხრივ, სერბეთის საპატრიარქო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან მოკლევადიანი კერძო შეხვედრა პატრიარქთან; ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცეგოვინადან მოემგზავრებოდა და იგი უწმინდეს ირინეოსს დასალოცად მიუყვანეს, როგორც რიგითი ქრისტიანი“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.