პატიმრების გაცვლის ფართო შეთანხმების ფარგლებში რუსეთი დათანხმდა „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გაცვლას
რუსეთი დათანხმდა ამერიკული გამოცემის, „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლებას, რაც პატიმრების გაცვლის ფართო შეთანხმების ფარგლებში მოხდება.
„ფოქს ნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაცია „უოლ სთრით ჯორნალის“ თანამშრომლებისგან მიიღო. აღინიშნება, რომ გერშკოვიჩი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
ამერიკული მედია უკანასკნელ დღეებში წერდა რუსეთსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის პატიმრების პოტენციური გაცვლის მომზადების შესახებ.
მათივე ცნობით, ამ პროცესში, სავარაუდოდ, ჩართულია აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და სლოვენია.
როგორც მანამდე რუსეთის ციხეში მყოფი ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითის, პოლ უილანის ადვოკატები იუწყებოდნენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთან კონტაქტს ვერ ახერხებენ და მისი ადგილსამყოფელი არ იციან. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსი დისიდენტის, ვლადიმირ ყარა-მურზას ადვოკატმაც.
სლოვენიაში, ასევე, დასრულდა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი და ადგილობრივი მედია წერდა, რომ მათ გაცვლისთვის ამზადებენ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი შეიწყალა, რომელსაც ბრალად უკრაინულ სპეცსამსახურებთან კავშირი ედებოდა და სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.
მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯიც დაკავშირებულია პატიმრების გაცვლისთვის სამზადისთან.
თავის მხრივ, რუსული სააგენტოები წერდნენ, რომ აშშ-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ფედერალური ბიუროს მონაცემთა ბაზიდან გაქრა ინფორმაცია აშშ-ის ციხეებში მყოფი ალექსანდრ ვინიკის, ვლადისლავ კლიუშინის, ვადიმ კონოშენკოსა და მაქსიმ მარჩენკოს ადგილსამყოფელის თაობაზე.
მანამდე, ასევე, ვრცელდებოდა ცნობა, რომ რუსეთს სურს, პატიმართა გაცვლის ფარგლებში გერმანიის ციხიდან გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვიც.