პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 527 ყოფილი პატიმარი დასაქმდა, 108-ს კი ბიზნესიდეები დაუფინანსდა
პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 527 ყოფილი პატიმარი დასაქმდა, 108-ს კი ბიზნესიდეები დაუფინანსდა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ხუთი წლის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა პროგრამის შედეგები პირადად წარმოადგინა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, 2012-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა; მხოლოდ 2017 წელს დასაქმდა 267 ყოფილი პატიმარი, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობაზე მეტია. 2013-2016 წლებში 260 ბენეფიციარი დასაქმდა. შესაბამისად, პროგრამის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობაა 527.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი გაიარა 1233-მა ბენეფიციარმა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 308 ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 311 ბენეფიციარს; 301-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალის) 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 823 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 643-მა ბენეფიციარმა; ტატუს მოცილების უფასო პროგრამით ისარგებლა 123-მა ყოფილმა პატიმარმა (მათ შორის 65 არასრულწლოვანია); სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობდა 532 და სხვა.

ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები არიან ჩართული.