პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე - მთავარი გამოწვევა რელიგიის შესახებ კანონი და საგადასახადო კუთხით უთანასწორო დამოკიდებულებაა
ქალაქ გორში საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორის, შმაგი ჭანკვეტაძის თქმით, დღეისთვის მთავარი გამოწვევა რელიგიის შესახებ კანონის მიღება, მთავარი პრობლემა კი, საგადასახადო კუთხით უთანასწორო დამოკიდებულებაა. ამის შესახებ მან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების პრეზენტაციაზე განაცხადა.
„პრობლემა რომ არსებობს, ამას თქმა არ სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდა პარლამენტი, მაშინაც ამაზე ბევრი საუბარი იყო. ის, რომ დღესდღეობით, რელიგიებთან მიმართებაში არის ბევრ სფეროში უთანასწორო დამოკიდებულება, მაგალითად, იგივე საგადასახადო კუთხით. მართლმადიდებლური ეკლესიის საგადასახადო პოლიტიკას აწესრიგებს კონკორდატი. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ეკლესიებს და რელიგიურ ორგანიზაციებს მსგავსი პირობები არ გააჩნია, რელიგიური ორგანიზაციები იძულებულნი არიან გადაიხადონ კომერციული გადასახადი. ასევე, ეს ეხება სხვა საგადასახადო რეგულაციებსაც“, – განაცხადა პასტორმა შმაგი ჭანკვეტაძემ.
შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს.
„ასევე, გამოწვევა არის საკუთრების უფლება რელიგიური ორგანიზაციებისთვის“, – აღნიშნა პასტორმა.