პასკალ მენიე - საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ვწვრთნით ქართველ ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთმა 2008 წლის ომის შემდეგ, ძალიან მალე გადასცა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა ქვეყანას საჰაერო სივრცის ეფექტური კონტროლი განეხორციელებინა.
„მოხარული ვარ, რომ დღეიდან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით და ჩვენ კვლავ გადავეცით საქართველოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ქვეყნას ნებისმიერი საჰაერო აგრესიისგან დაიცავს.
ჩვენ ვთანამშრომლობ რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ვეხმარებით სახმელეთო ძალებს და ამ თანამშრომლობის მაგალითია საჩხერის სამთო ბატალიონი, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება და აკმაყოფილებს. ასევე ვთანამშრომლობთ საჰაერო თავდაცვაში და დღეს ამ სისტემების გადაცემა საქართველოსთვის, ადასტურებს, საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას”, – განაცხადა პასკალ მენიემ.
ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე ფრანგული Thales Las და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურების, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრის და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პრეზენტაცია დღეს გაიმართა.