პასკალ მენიე - ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ სოლიდარობა გამოვუცხადეთ დიდ ბრიტანეთს და ვაძევებთ რუს დიპლომატებს
ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ სოლიდარობა გამოვუცხადეთ დიდ ბრიტანეთს და გავაძავებთ რუს დიპლომატებს ჩვენი ტერიტორიიდან, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ევროკავშირი როგორც ასეთი არსებობს და არ შეეგუება დანაშაულის ჩადენას.
„ვფიქრობ, ეს არის ძლიერი მესიჯი მოსკოვისთვის. იმედი მაქვს, რუსეთი ამას გაიგებს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, პატივს ვცემთ რუსეთს, რუსეთის ისტორიას და ხალხს. ჩვენ არ ვართ რუსეთის მტერი, მაგრამ რუსეთმა ასევე უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპები, ღირებულებები, რომლებიც უმჯობესია, თუ რუსეთისთვისაც ღირებულებები იქნება“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.
ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.