პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირეს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი დააინიცირეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი დაემყარება ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპს. კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საბჭოს როგორც მოსამართლე წევრების 2/3-ის, ისე – არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობის ერთდროულად არსებობა.
„ეს ცვლილება შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა: საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის ასარჩევად წარდგენა, მოსამართლეების თანამდებობაზე უვადოდ გამწესება, სააპელაციო სასამართლოს და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა. პარტია „საქართველოსთვის“ მოსაზრებით, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებით უნდა დაიწყოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აუცილებელია, შეიქმნას ძალის ალტერნატიული ცენტრი, რამაც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა და სისტემის შიგნით ძალთა ბალანსის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარტიის მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.