პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს
პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართა, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს

პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ისინი ითხოვენ, გამოძიება დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაში ადანაშაულებს.

პროკურატურაში განცხადება „საქართველოსთვის“ წევრებმა – ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს. ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრალდებებზე, გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩატარდეს დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩვენ დღეს მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ ჩაატაროს ობიექტური, გამჭვირვალე, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. გამოიძიოს ის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო ბრალდებები, რომელსაც ვისმენთ ორგანიზაცია „ოცნების“ ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვაბრალებენ ნარკოტიკის მოხმარებას, შეძენას და ასე შემდეგ. ცალსახად, ამ ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი სრულყოფილი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებით. როდესაც დადგინდება, რომ ეს ბრალდებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, უნდა დადგეს ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი ცრუ დასმენასთან დაკავშირებით, რადგან რასაც ეს ადამიანები გვაბრალებენ, დანაშაულია, ამას სჭირდება გამოძიება და პასუხისგებაში უნდა მიეცეს ის პირი, ვინც უბრალოდ ცრუ დასმენას ახორციელებს ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ“, – განაცხადა დაუშვილმა.