პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ოზურგეთში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ოზურგეთში ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ოზურგეთში პარტიამ „გირჩი-მეტი თავისუფლება“ საარჩევნო კამპანია დაიწყო. პრეზენტაციას პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დაესწრო. დღესვე პარტიამ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რაც დღეს ხდება. ჩვენი პარტიისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ოფისები თავისით, ჩვენი მხარდამჭერების ორგანიზებით იხსნება, თვითონ ახდენენ ყველაფერს, პოულობენ ფართს, ფინანსებს, ფინანსებში გვიჭირს, მაგრამ მაინც. ამასთან, პირველი არჩევნებია, როცა ვიტესტებით როგორც პარტია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ხმები ავიღოთ, ჯამში ოპოზიციამ აიღოს საკმარისი ხმები, რათა „ქართული ოცნება“ წავიდეს შემდეგ ხელახალ არჩევნებზე. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც აქ, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ სახელით იყრის კენჭს როგორც პარტიულ ნაწილში, ისე მაჟორიტარულ ნაწილში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც პარტიის წევრებმა განაცხადეს, პარტია დღეს თავისუფლებისთვის იბრძვის ისევე, როგორც გურული გლეხები იბრძოდნენ 1905 წელს, რომელთაც თავისუფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდათ. მათ „ბახვის მანიფესტს“ სიმბოლურად ხელი მოაწერეს.

როგორც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურა ქუტიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია საკუთარ პროგრამასა და „ბახვის მანიფესტს“ შორის პარალელს ავლებს.

„ბახვის მანიფესტისა“ და გირჩის დღევანდელი პროგრამის პარალელი არ არის უბრალოდ პიარი და წარსულთან ბმა. ვინც წაიკითხავს ჩვენს პროგრამას და „ბახვის მანიფესტს“, აუცილებლად ნახავს კავშირებსა და პარალელებს ამ ორ მანიფესტს შორის. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ აუცილებელი იყო, გაგვეკეთებინა ბმა, რადგან ხალხს გვინდა, დავანახოთ, რომ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ არ აქვს ექსკლუზივი თავისუფლებაზე და მეტ თავისუფლებაზე მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ დღეს. ამაზე საუბრობდნენ ჩვენი წინაპრები ძალიან ბევრი წლის წინ, უახლოეს წარსულში. ერთი საუკუნის წინ საუბრობდა გურული ხალხი, ისტორიამ ეს მანიფესტი დღემდე შემოინახა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ჩვენც ვიდგეთ ამ გზაზე და შევინარჩუნოთ დღევანდელობამდე მოტანილი თავისუფლება, უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ამ ქვეყანაში თავისუფლების სიყვარული“, – განაცხადა ზურა ქუტიძემ.