პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია და პარლამენტარები გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის – მწვავე პოლიტიკურ პოლარიზაციას.
პარტია „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან შეხვედრაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე და კრემლის წინააღმდეგ თავისუფალი სამყაროს ერთიანობის მნიშვნელობასა და შენარჩუნებაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შორის ერთიანი კოორდინირებული მექანიზმის შექმნა და მისი გაძლიერების მნიშვნელობა.
გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარს გაუზიარა პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და პარტიის გეგმები გააცნო.
გიორგი გახარია პარტიის წევრებთან ერთად ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკ დევინსაც შეხვდა.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე მოწერელია ბრიუსელში ევროპარლამენტარს, ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტს ფრანცის ფიცჯერალდს შეხვდნენ.
ევროპარლამენტართან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ქვეყანაში არსებული საგარეო და საშინაო გამოწვევები, პარტია „საქართველოსთვის“ ხედვა ევროინტეგრაციის მიმართულებით. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ევროპარლამენტარს გაუზიარეს პარტიის ხედვა იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია პარტიის საპარლამენტო და ზოგადი საქმიანობის შესახებ.
ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.