პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ხვალ არ დაესწრებიან
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას პარტია „საქართველოსთვის“ ორი დეპუტატი არ დაესწრება. გადაწყვეტილება გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მიქელაძემ გამოაცხადა.
მიქელაძე ამბობს, რომ როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიღო მათი შეთავაზებები, რომელიც კომისიების თანაბრად გადანაწილებას და საკრებულოს თავმჯდომარედ მათი პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერას გულისხმობდა. ამიტომ ისინი აღარ მიიღებენ მონაწილეობას პირველ სხდომაში და მოვლენების განვითარებას დაელოდებიან.
„არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღმოჩნდა მზად ჩვენი შეთავაზებებისთვის. ამიტომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პირველ სხდომაში და კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ როგორც ერთ, ასევე მეორე პარტიას, თავისით დაალაგონ სიტუაცია საკრებულოში“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.
ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი დარჩა, მას შემდეგ, რაც მათი ერთი წევრი გარდაიცვალა, ერთი დეპუტატი ჰყავს „ლელოს“, 16 „ქართულ ოცნებას“, ორი პარტიას „საქართველოსთვის“, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც არჩევნების შემდეგ გახარიას პარტია დატოვა.