პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულეს
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულეს

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა წალენჯიხის საკრებულოში მათი პარტიის წევრი, გელა აბულაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულეს.

როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, აბულაძე დაკავებულია პოლიტიკური მოტივით და მისი ოჯახი პოლიტიკური დევნის ობიექტია.

ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისთვის გაუგებარია სუს-ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პენიტენციურმა სამსახურმა გელა აბულაძეს ოჯახის წევრზე მინდობილობის გაცემის საშუალება არ მისცა.

კერძოდ, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს გააცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის ბრალდებულ გელა აბულაძესთან დაკავშირებით უფლებისგადაცემის თაობაზე მინდობილობის ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტის დამოწმება.

„ჩნდება კითხვა, 16-17 წლის წინ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი ზუსტად მაშინ რატომ გაახსენდა ხელისუფლებას, როდესაც ის ჩვენი გუნდის კანდიდატად წარდგა. ფაქტობრივად არა მხოლოდ ბატონი გელა, არამედ მთელი მისი ოჯახი და სანათესაო მძევლად ჰყავს აყვანილი. რაც შეეხება მის მდგომარეობას, მხნედ არის, ფიზიკურადაც კარგად გამოიყურება. დავინტერესდით მისი უფლებრივი მდგომარეობით, ამ შემთხვევაში, არ ჩივის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. ყველაზე დიდი პრობლემა, კომიკური სიტუაცია იყო, სადავო მიწა დაყადაღებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გასხვისება არის ფიზიკურად შეუძლებელი. ბუნებაში არ არსებობს ამის რისკი. იმისთვის, რომ საქმიანობა არ გაჩერდეს და არ დაზიანდეს, ეს ოჯახის საქმიანობაა, ბატონ გელას ოჯახის წევრზე მინდობილობის გაფორმება უნდოდა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სახელმწიფომ უარი უთხრა მინდობილობის გაცემაზე. ამაში ორი უწყება მონაწილეობს, ეს არის სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური და პროკურატურა. ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური. არ არსებობს ბუნებაში სამართლებრივი ნორმა, რომ ადამიანს მინდობილობის გაცემაზე უარი უთხრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მინდობილობის გაცემის საგანი არაფერ კავშირში არ არის სადავო საგანთან“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ცხრა პირს 30 მარტს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები თაღლითური გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ცხრა ნაკვეთს და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძესა და მერიის წარმომადგენელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე ბრალდებულ კიდევ ცხრა პირს კი გირაო შეეფარდათ.