პარტია „საქართველოსთვის“ შალვა პაპუაშვილსა და ანრი ოხანაშვილს წერილით მიმართავს, რომ „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა წამყვან – იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ძირითად კანონპროექტთან ერთად მოხდეს.
როგორც წერილშია აღნიშნული, დეპუტატებმა: ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და თეონა აქუბარდიამ ისარგებლეს კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივით და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განხილვამდე ბიუროზე, 2 მარტს დაარეგისტრირეს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ალტერნატიული კანონპროექტი.
„საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ წამყვან, ანუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვამდე საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, შალვა კერესელიძემ, ალეკო მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და თეონა აქუბარდიამ ვისარგებლეთ კონსტიტუციით გარანტირებული საკანონმდებლო ინიციატივით და 2023 წლის 2 მარტს წარვადგინეთ და დავარეგისტრირეთ ალტერნატიული კანონპროექტი „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტის ბიურო ვალდებულია, უზრუნველყოს ჩვენი კონსტიტუციური უფლების გარანტირებულად შესრულება, რომ მოხდეს ძირითადი კანონპროექტებისა და ჩვენ მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვა. ამასთან, ისევე როგორც პარლამენტის ბიურო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ვალდებულია, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზება და კომიტეტის სხდომაზე განხორციელდეს ორივე (ძირითადი და ალტერნატიული) კანონპროექტის ერთდროულად განხილვა.
მოგმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოთ კონსტიტუციის დაცვა, კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება და შექმნათ პირობა, რომ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის, რეგლამენტის სრული დაცვით წარდგენილი ალტერნატიული კანონპროექტის განხილვა მოხდეს ძირითად კანონპროექტთან ერთად, რეგლამენტით დადგენილი წესით. ეს შესაძლებელია როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყების დროის გადმოწევით ჩვენი ალტერნატიული წინადადების განხილვის დაწყების გაფორმებისთვის, რომ ამის შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტის ერთად განხილვა განხორციელდეს, ასევე შესაძლებელია კომიტეტის სხდომაზე ძირითადი კანონპროექტების განხილვის დროის გადაწევით ბიუროს სხდომის დასრულების შემდგომ დრომდე.
ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვითხოვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და მოგიწოდებთ, რომ დაცული იქნას კანონპროექტის განხილვის კონსტიტუციური და საკანონმდებლო პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს, მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“, – აღნიშნულია წერილში.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათი კანონპროექტი – „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენების შემცირების შესახებ“ ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად თუ ფარულად ჩარევას.
„ეს არის ერთადერთი გამართლებული საკანონმდებლო პასუხი „რუსული მიზნების“ აგენტურულ კანონპროექტზე, რომლითაც ხელისუფლება საკანონმდებლო დივერსიას ამზადებს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის – სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს.
საქართველოს კონსტიტუციის 45.1 მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ალტერნატიული კანონის პროექტი უნდა იქნას განხილული წამყვან კომიტეტზე (ამ შემთხვევაში იურიდიულ კომიტეტზე) ძირითად კანონის პროექტებთან ერთად და ეს უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით. პარლამენტის ბიუროსა და შესაბამისი კომიტეტის ვალდებულებაა, დაგეგმონ პროცედურები ამ უფლების უზრუნველყოფის შესაბამისად.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, დაარღვიოს კონსტიტუცია და, უხეში პროცედურული თაღლითობით, თავიდან აირიდოს ჩვენ მიერ რეგისტრირებული კანონის პროექტის განხილვა. ამას აკეთებენ მაშინ, როცა მათ კანონზე მსჯელობაც კი ევროინტეგრაციას ხელს უშლის და ამას გვეუბნება ის ხალხი, ვინც სტატუსზე გადაწყვეტილებას იღებს. ჭკუა რომ ჰქონდეთ, „ოცნება“ მხოლოდ ჩვენს კანონპროექტს უნდა განიხილავდეს. თუმცა მათ არ უნდათ რომ საზოგადოებისთვის ნათლად გამოჩნდეს ის არჩევანი, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს ოკუპანტსა და ქვეყნის მეგობრებს შორის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.