პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დააინიცირა
პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დააინიცირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით.
„სახალხო ბიუჯეტირება გულისხმობს მოსახლეობის თვითმმართველობის განხორციელებაში პირდაპირ და უშუალო მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული განსაზღვრული ოდენობის თანხის განკარგვას. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებლად სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული პრიორიტეტია. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.