პარტია „საქართველოსთვის“ - რუსთაველებმა დღეს ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის მაგალითი.
ამასთან, პარტიის განმარტებით, ნოდარ შეროზიას გადაყენების ფაქტი რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა, რა დროსაც „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა.
„რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიჩმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა. პროტესტის მსვლელობისას „ქართულმა ოცნებამ“ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის რამდენიმე, ექვსამდე თანამშრომელმა დაინახა რა, რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცა.
დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია“, – აღნიშნულია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი.