პარტია „საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატსა და არჩილ თალაკვაძეს პარტიის წევრის მიმართ შანტაჟში ადანაშაულებს
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა და უშუალოდ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ მმართველი პარტიის ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე და მისი ძმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პარტიის წევრის დაშინებასა და შანტაჟში დაადანაშაულა.
როგორც ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ძმები თალაკვაძეები უშუალოდ მონაწილეობდნენ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის ნონა ტუნაძის დაშინებაში, რომელიც მათი პარტიიდან დაბა ნასაკირალში იყრიდა კენჭს.
ცეცხლაძის განცხადებით, დღეს მათ N60 საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარობის კანდიდატების სია უნდა წარედგინათ, ნონა ტუნაძემ კი კანდიდატურა დაშინების საფუძველზე დილით მოხსნა და ამის შესახებ თანაგუნდელებს ტელეფონით ამცნო.