პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები, ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხნენ
პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის საკრებულოს წევრები, ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გაირიცხნენ, – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მაკა ჩარტიას მეუღლის დასაქმებას.
„პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული წევრები: ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია გარიცხული არიან ამავე პარტიის რიგებიდან. დღეს, „ოცნების“ მხრიდან ზეწოლისა და ფინანსური სარგებლის დაპირების შედეგად, პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-მა მოსყიდულმა და გადაბირებულმა წევრმა: ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ დატოვეს ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“, რომელთაგან ერთს – ნუგზარ შუშანიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას დაპირდნენ, ხოლო მეორეს – მაკა ჩარტიას უმუშევარი მეუღლის დასაქმებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, რომ როდესაც “ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, მმართველი პარტია აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას როდესაც საფრთხე ემუქრება, ხოლო ქვეყანა მრავალი თაობის ცივილიზაციური არჩევანის – ევროპული მომავლის პერსპექტივის დაკარგვის წინაშეა, „ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები, როგორიცაა ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, წალენჯიხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გელა აბულაძე, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში.
ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი.
ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ, ეროვნულ პასუხს გასცემენ! „ოცნების“ ეს ქმედებები ვერ გახდება ჩვენთვის დაბრკოლება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის განვითარებისა და ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.