პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს პროექტს სახელწოდებით - „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას „ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნათელია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ეს მტერი ისტორიამ განგვისაზღვრა, ხოლო მეგობრები თავად ავირჩიეთ. ეს არჩევანი გულისხმობს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს. ყველა სახელისუფლებო ორგანოს, მათ შორის პარლამენტის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს ამ მიზნის მიღწევისათვის. ხელისუფლება „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები.
„ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რის უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი, ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა, მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში ჰქონდეს – მტერს დაარქვას მტერი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას „ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს და უნდა, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ოკუპანტი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს, და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ. ჩვენ, ცხადია, დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას საკუთარ კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რათა ამ ინიციატივას მათაც მხარი დაუჭირონ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.