„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და 11 მაისის ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.
დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისის 10 ოლქიდან 5 ოლქის – გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბის და მთაწმინდის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდებიან. პირველი აუდიენცია გლდანის ოლქთან გაიმართება.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის განმარტებით, დღევანდელი შეხვედრით პარტია 11 მაისს დაგეგმილი ყრილობისთვის ემზადება.
„სამუშაო ფორმატში გასამართი ყრილობისთვის ვემზადებით. რომელსაც როგორც წესი, პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნები ესწრებიან. 11 მაისის ყრილობისთვის სამზადისია. რა ცვლილება განხორციელდება გლდანში, შეხვედრის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ოგბაიძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.